მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU- ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცეს. ახალი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება EU-ის ქვეყნებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ხელი მოაწერა.

როგორც EU-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს რუსეთის მთავრობასა და ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერებას, ასევე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შემცირებას.

“ჩვენ კიდევ უფრო ვურტყამთ რუსეთის ეკონომიკას, ვზღუდავთ იმპორტ/ექსპორტის შესაძლებლობებს და რუსეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისგან თავის დაღწევის სწრაფ გზაზე ვართ. სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიაზე პასუხისმგებელ პირებს. ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება”, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილი ფასის ზღვრამდე, ასევე რუსეთიდან ფოლადისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტს, ხის მერქნისა და ქაღალდის იმპორტს, ტექნიკისა და ხელსაწყოების იმპორტს, შუალედური ქიმიკატების, პლასტმასის და სიგარეტის იმპორტს კრძალავს. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტოსაფულის“ გამოყენება.
ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის კომპიუტერულ- ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე.

აიკრძალება რუსეთში სამოქალაქო იარაღისა და სამხედრო მანქანების ექსპორტი და საავიაციო მრეწველობისთვის საჭირო პროდუქცია, გაფართოებული სიით, ასევე – ევროპაში რუსეთიდან ქაღალდისა და ხის მერქნის, სიგარეტის, პლასტმასის და კოსმეტიკური საშუალებების შემოტანა.

აიკრძალება ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში წარმოებული ნებისმიერი საქონლის იმპორტი.
სანქციები ასევე ეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უფრო მეტ პირს, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მოსკოვის რეფერენდუმის კენჭისყრაში მონაწილე პირებს და მათ, ვინც მონაწილეობს სანქციების თავიდან აცილებაში.

რუსულ ნავთობზე ფასის ჭერს სექტემბერში მხარი დიდი შვიდეულის – მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებმაც დაუჭირეს.

ამ შეზღუდვების დაწესებით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთი ნავთობს საზღვარგარეთ მსხვილ მომხმარებლებს, როგორიც მაგალითად ინდოეთია ნაკლებ ფასად მიჰყიდის და საბოლოოდ რუსეთს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდება. ამ ფინანსებს კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში იყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button