EU უკრაინას 500 ელექტრო გენერატორს უგზავნის – ნიდერლანდები F-16-ების მიწოდებისთვის ემზადება

ევროკავშირი უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“რუსეთის სასტიკმა თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუცველი დატოვა, ამიტომ უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორი გაიგზავნება.
საერთო ჯამში, გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ენერგომომარაგება და შენარჩუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში გაგზავნილი 500 გენერატორის ღირებულება 16,5 მილიონი ევროა.
ამასთან, 18 დეკემბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. 1-ელი იანვრიდან სხვა შეზღუდვებთან ერთად რუსული ალმასის იმპორტი ეტაპობრივად აიკრძალება. ამავდროულად, პაკეტი 2024 წლის იანვრიდან რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას მოიცავს.
ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.
“F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ნიდერლანდების მუდმივ ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მას რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე საპასუხოდ სჭირდება.
აღფრთოვანებული ვარ უკრაინის პროგრესით და ნიდერლანდები მზადაა, უკრაინას დაეხმაროს. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ნიდერლანდები ყველა ღონეს გამოიყენებს ევროსაბჭოში შეთანხმების მისაღწევად”, – ამბობს ნიდერლანდების პრემიერი.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება.
ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“სატელეფონო საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან, მარკ რუტესთან. მას მადლობა გადავუხადე ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილების გამო. [ნიდერლანდები] უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება.
ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ ჩვენს თავდაცვას და ეკონომიკას გააძლიერებს, არამედ ეს იქნება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირება და შესაძლოა, ჩვენი სხვა პარტნიორები შთააგონოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღონ”, – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პრემიერთან ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა, მათ შორის არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.