ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს

ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებლ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწვევით მოამზადა. გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით ეუთო/ოდირს ომბუდსმენმა 2022 წლის 2 თებერვალს მიმართა:
გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ.
2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე.
2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად.
ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
„2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს თხოვნით, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე და იმ ცვლილებების თაობაზე, რაც ამ საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა. 18 თებერვალს ჩვენ მივიღეთ დაჩქარებული წესით მომზადებული საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც არის წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მოსაზრებები განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ეს არის მათი მთავარი რეკომენდაცია. ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი, თუ როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს. ასევე მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებასა და საქმიანობაზე. მათ შორის, ახლადშექმნილ სამსახურებზე. ამიტომ ის კატეგორიულად მოითხოვს და აძლევს რეკომენდაციას შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება.
ასევე, მეორე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე. ეს არის ეუთო/ოდირის ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნა და ამბობს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი არჩევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირების თანამდებობის ვადის გაუქმება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების გზით. მათი თქმით, ეს წარმოადგენს მათი საქმიანობისა და მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე ეფექტი ასევე სხვა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზეც. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ამ კანონის მოქმედება და დაიწყოს ღია დისკუსიები დაინტერესებული მხარის მონაწილეობით აღნიშნული საკითხების გარშემო,“– განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები, ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე.
ლომჯარიას თქმით, აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად გადაუგზავნეს.
აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებზე დასკვნები, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ეუთო/ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნას, რომელიც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში საერთოდ არ არის ნამსჯელი უმთავრეს საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია ერთი სახელმწიფო სამსახურის ხელში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა.
„გამოდის, რომ ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის, რომ შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით.
„ეუთო/ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.
„აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე.
საინტერესოა, იყო თუ არა ეუთო/ოდირისთვის საერთოდ მიწოდებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს.
იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ეუთო ოდირის შეფასებით საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური
ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე.
აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა – ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ეუთო/ოდირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აქვეყნებს.
დასკვნა ორგანიზაციამ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა. ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები:
“…აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა;
იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე;
ეუთო ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება,
რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა(გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ.
ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს.
საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტსა და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. ეუთო/ოდირის მოწვევაც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია.”
ინსპექტორის სამსახური ოფიციალურად 1-ლი მარტიდან უქმდება. საკონსტიტუციო სასამართლოს კი მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი შეაჩეროს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედება.