“ეუთო/ოდირის ანგარიში ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი,,-კალანდარიშვილი
ეუთო/ოდირის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ანგარიშში მოცემული როგორც დადებითი მხარე, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც საჭიროებს ანალიზს საარჩევნო პროცესის შემდგომ განვითარებისთვის.
“სადამკვირვებლო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის როლი მნიშვნელოვანია არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გამოქვეყნებული დასკვნა ფაქტობრივად ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი. ის კარგად იყო ადმინისტრირებული, განსაკუთრებით პროცედურულ, ტექნიკურ ნაწილში, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას, არამედ პროცედურულ გამართულობასაც. რა თქმა უნდა, ანგარიშს როდესაც ვკითხულობთ გასათვალისწინებელია, როგორც დადებითი მხარე, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მოცემულია ანგარიშში. ეს თავის მხრივ, საჭიროებს ანალიზს, შესწავლას. მისი გათვალისწინება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას. არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენ თუ ვნახავთ სხვადასხვა ქვეყნების შეფასებებს ევროპული და მსოფლიო მასშტაბით კარგად ამოვიკითხავთ, რომ ეს არის ამ კომპლექსურობის ნაწილი, როცა საუბარია როგორც პროგრესზე, მიღწევებზე ასევე სხვადასხვა მიმართულებით წუხილზე, შენიშვნებზე და ამის შედეგად მოცემულ რეკომენდაციებზე.
ჩვენ ანგარიშს ვკითხულობთ ობიექტურად, კომპლექსურად და ვიღებთ როგორც დადებით შეფასებებს, ისევე, როგორც ანალიზს ვუკეთებთ იმ მიგნებებს, რაც მოცემულია დოკუმენტში. ეს დაგვეხმარება, რომ მათ შორის ეუთო/ოდირთან შემდგომი თანამშრომლობის გზით დავადგინოთ ის მექანიზმები, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებაში ინსტიტუციას კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ შემდგომი განვითარება საარჩევნო პროცესის, მათ შორის საარჩევნო პროცედურებისა და სხვადასხვა საკითხების, რომელიც აღნიშნულია დოკუმენტში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო ეუთო/ოდირის ანგარიშმა გამოიწვია გარკვეული ინტერპრეტაციები, რადგან მისი წაკითხვა ხდება არა კომპლექსურად, არამედ მხოლოდ იმ ფრაგმენტებში, რომელიც კონკრეტული ჩართული მხარისთვის ხელშესახები და საყურადღებოა.
“თუმცა, ვფიქრობ, დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის. ვფიქრობ, ობიექტური შეფასების ნაწილში იმთავითვე გასაგებია დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება, რომელიც მათ შორის ჩვენს ინსტიტუციასთან მიმართებაში კარგი ადმინისტრირების ხარისხით, ფაქტობრივად ასრულებს მთელ რიგ სპეკულაციებს.
ეუთო ფაქტობრივად არანაირად არ საუბრობს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. ჩვენ კარგად გვახსოვს, მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში სხვადასხვა ჩართული მხარის მხრიდან იყო მანიპულაციურად წარმოჩენილი ის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო უბნების შექმნას უცხოეთში. ფაქტობრივად, ამ ნაწილში არც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, არც ცესკო-ს მოქმედებები არ არის შეფასებული, რაც ხაზს უსვამს, რომ ცესკო მოქმედებდა საერთაშორისო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ნაწილში არ არსებობს რაიმე წუხილი, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს, რომ ყველა ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
გვაქვს გარკვეული კითხვები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ ეუთო/ოდირ-ის დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას, მაგრამ მისი კომპლექსურად წაკითხვის შემთხვევაში, ეს იძლევა სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასკვნის შესახებ კითხვებს ეუთო/ოდირს გაუზიარებენ.
„აღსანიშნავია, რომ ეუთო-ოდირის დასკვნაში ამომრჩეველთა სიებთან მიმართებით საუბარია, რომ სიების შემუშავების პროცესი იყო სრულად ინკლუზიური. ჩართულ მხარეებს ჰქონდათ სიების გამოთხოვის შესაძლებლობა. არცერთ მხარეს გამოთხოვილ სიებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია ადმინისტრაციაში რაიმე წუხილი, შენიშვნა შემდგომი სიების განვითარებასთან მიმართებით.
ასევე აღნიშნულია ტექნოლოგიური საშუალებების გამართულად მუშაობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მაღალი პროცენტი. ეუთო/ოდირი პირდაპირ წერს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულების არარსებობისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი, რომელმაც ფაქტობრივად, პასუხი გასცა ყველა მანიპულაციას ამ პროცესთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან მიმართებით არის შემდგომი რეკომენდაციები. მათ შორის იყოს აღმოფხვრილი და მოწესრიგებული სხვადასხვა მხარის მიერ გამოთქმული წუხილები. რა თქმა უნდა, ინსტიტუცია დაუბრუნდება, განიხილავს ამ საკითხებს და იმსჯელებს, როგორ გააუმჯობესოს ეს ნაწილი.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს, რომ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას, მაგრამ მისი კომპლექსურად წაკითხვის შემთხვევაში, ეს იძლევა სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამ დასკვნის შესახებ ჩვენს კითხვებს, წუხილებს გავუზიარებთ ეუთო/ოდირს, როდესაც გვექნება შემდგომი შეხვედრა. როგორც იცით, ესეც ერთ-ერთი ნაწილია ამ სადამკვირვებლო მისიის, მისი მეთოდოლოგიის. ისევ გვექნება განხილვები, რადგან ჩვენ სადამკვირვებლო მისიის წარმოების ყველა ეტაპზე გვქონდა მათთან შეხვედრა და ინფორმაციის მიმოცვლა. საუბარია ობიექტური და ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდებაზე. ამ შემთხვევაშიც გავუზიარებთ მათ ჩვენს ხედვას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, თუ რამ გამოიწვია ისეთი შეფასებისა და ისეთი დასკვნის შესაძლებლობა. აქ საუბარია წმინდად ჯანსაღ, კონსტრუქციულ პროცესზე, რათა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის იყოს გამჭვირვალე ეს პროცესი და არ დარჩეს კითხვის ნიშნები შეფასებებთან მიმართებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.