ეუთო/ოდირის ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს-ISFED-ის განცხადება

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, მათი აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს.
ასე ეხმაურებიან სამართლიან არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებით“.
მონიტორინგის მნიშვნელობაზე საუბრისას ISFED-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩართვა ადგილობრივი არჩევნების დროსაც არის მნიშვნელოვნად საჭირო.
„დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებს. აღნიშნულის მიზეზად ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკის არარსებობა დაასახელა, ხოლო 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა გამონაკლისად წარმოაჩინა.
ცნობისათვის, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა. საქართველოს გარდა, 1997 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია სხვა 13 ქვეყანაში გამართულ 34 ისეთ ადგილობრივ არჩევნებზეც მიავლინა, რომელიც არ ემთხვეოდა სხვა ტიპის კენჭისყრას. ამასთან, არაერთ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები მონიტორინგის საგანს წარმოადგენდა საერთო არჩევნების ფარგლებში ან სხვა ტიპის ეროვნულ კენჭისყრასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან/და საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, ევროპის იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც დემოკრატიის კონსოლიდაცია ჯერ არ მომხდარა, ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს”,- ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს მმართველი გუნდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას. დიპლომატიურმა მისიამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ქართლ სამოქალაქო ორგანიზაციებს აფინანსებდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ექსტრემიზმს ახალისებენ, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, ეუთო/ოდირის მოწვევა ქვეყანაში სრულად სცდება საელჩოს უფლებამოსილებას.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა ცესკო-შიც.
“უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა ყოველთვის არის მასპინძელი მომწვევი მხარის მთავრობის პრეროგატივა, შესაბამისად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არავითარი უფლებამოსილება ამ ნაწილში არ გააჩნია, თუმცა ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან ირთვება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ჩარჩო, იმისთვის, რომ ნებისმიერ მსურველს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიას ცესკო-ს მიმართოს და თუ ისინი აკმაყოფილებენ კანონის მოთხოვნებს, დააკვირდნენ არჩევნებს“, – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.