მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცა მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეამ მიიღო “პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები”, რომელშიც საქართველოს საკითხზეც არის საუბარი – “რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ.”

დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო. ასევე ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.

რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა:

1. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა.

2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესისა და თავად შედეგების თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს.

3. გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ იბრძვიან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის.

4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნით.

5. იმედგაცრუების გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის”, “რადიოსა და ტელევიზიის” და “გრანტების” შესახებ ახალი კანონების მიღებით.

6. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ გაუარესდება, რადგან ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას.

7. ღრმად შეშფოთებულნი არიან ევროკავშირის (EU) საწინააღმდეგო რიტორიკის მზარდი დონით და მიიჩნევენ, რომ ეს სრულიად მიუღებელია.

8. საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების ფონზე, რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცება უკიდურესად შემაშფოთებელია.

9. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
ა. მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან დაიწყოს ეროვნული დიალოგის არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად და გადადგას ნაბიჯები საზოგადოების ნდობის აღსადგენად ქართული დემოკრატიის მიმართ;

ბ. პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან;

გ. დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე.

10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც მტკიცედ აჩვენებს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებასა და ხედავს საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროპაში.

11. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეაჩეროს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით მათი გამოყოფის მცდელობები.

მსგავსი პოსტები

Back to top button