ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია
კომენტარს ოცნებაში აკეთებენ

ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ვიზიტი დღეს, 22 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება.
„დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:
„როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივან სინირლიოღლუ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!“
წერილში, რომელიც ჯო უილსონმა თავის პოსტს დაურთო, აღნიშნავდა, რომ ამ ეტაპზე ეს ვიზიტი ნაკლებად პრიორიტეტულია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში მეტი ყურადღება სჭირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ მაღალი დონის შეხვედრები მმართველ პარტიასთან („ქართული ოცნება“) შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც მთავრობის მოქმედებების ლეგიტიმაცია.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია.
“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარებისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების შესახებ”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
სოფელ ოძისში გამგზავრებამდე, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
ვაფასებთ საქართველოსთან ხანგრძლივ პარტნიორობას. კვირას აღინიშნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მე-16 წლისთავი. ეს წარმოადგენს მძლავრ მაგალითს, როგორ შეუძლია დიალოგს შედეგების მოტანა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები საქართველოში ჩემი, როგორც ეუთოს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. როგორც ეუთო-ს გენერალური მდივანი, ვალდებული ვარ, ვითანამშრომლო ჩვენი ორგანიზაციის ყველა, 57 წევრ სახელმწიფოსთან. ჩემი ვიზიტისას მსურს, ხაზი გავუსვა საქართველოსა და რეგიონის მიმართ ეუთო-ს მტკიცე ერთგულებას. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ხანგრძლივ პარტნიორობას საქართველოსთან. ამ კვირას აღინიშნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, IPRM-ის მე-16 წლისთავი, რომელიც რეგულარულად იკრიბება ერგნეთში და წარმოადგენს მძლავრ მაგალითს იმისა, როგორ შეუძლია დიალოგს შედეგების მოტანა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისთვის.
ჩვენი მუშაობა ევროკავშირთან და გაერო-სთან გვიჩვენებს, ეფექტურ მულტილატერალიზმს რამდენად შეუძლია, ხელი შეუწყოს მედიაციას. დღეს მოგვიანებით მე ვეწვევი ოძისის გადასასვლელ პუნქტს და საკუთარი თვალით ვნახავ კონფლიქტის განგრძობით გავლენას. ჩვენი ჩართულობა ხელმძღვანელობს და კვლავაც იხელმძღვანელებს ადგილზე მცხოვრები ხალხის საჭიროებებით. სტაბილურობა აქ, საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ეუთო-სა და საქართველოს აქვთ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც ათწლეულებს მოიცავს. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს შიდა და გარე გამოწვევების დაძლევაში და მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელონ ეუთო-ს ექსპერტიზასა და მხარდაჭერაზე დაყრდნობა. მადლობას გიხდით ეუთო-ს პრინციპებისადმი თქვენი ერთგულებისთვის“, – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.
გვინდა, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალური მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეუთო მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონის ქვეყნებს.
„მადლობას გიხდით თქვენი სტუმართმოყვარეობისათვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის პოსტზე. მე, რა თქმა უნდა, ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ასევე, მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოს, ისე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას.
ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის „მრავალპლანოვანი“ საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია“, – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.
ჩვენ გვსურს, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ამ რეგიონის ყველა ქვეყანას. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ფაქტობრივად უკვე 16 წლისაა. ეუთო გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ გვაქვს მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ მსგავს შემთხვევებში და უწყვეტად ვცდილობთ, ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს“, – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი საქართველოში მისასალმებელია.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ხოლო ოპოზიციის დამოკიდებულება ზოგადად ეუთო-სთან მიმართებაში საინტერესო არ არის.
“ის ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული და ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. საკანონმდებლო ორგანოშიც გაიმართება შეხვედრები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ ტიპის ვიზიტები.
ზოგადად ეუთო-სთან მიმართებაში ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით და უცხო ქვეყნიდან კარნახით არიან დაკავებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ქვეყნის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი, ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება – სრულ ისტერიკაში არიან ცალკეული ოპოზიციონერები, მათი მხარდამჭერები და დავალებების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარედან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათი მცდელობები, საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე, ჩამოშლილია.
მათიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმები არის განულებული.
„ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი. ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება და ხალხი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად, თავისი საკუთარი აზრი საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. ეს პირიქით, რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთოდ ეს აბსურდი, რაშიც ცდილობდნენ რომ გაეხვიათ როგორც ქართულო საზოგადოება, ისე მსოფლიო თანამეგობრობა, არის ჩამოშლილი და საერთოდ არაფრად არ ღირს მცდელობა, ლეგიტიმაციის პრობლემები შეექმნათ ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯია და არა ერთი, როდესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან ჩვენი ქვეყნის მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები. აქ აბსოლუტურად ყველაფერია ამით ნათქვამი.
რაც შეეხება ოპოზიციას – სრულ ისტერიკაში არიან ცალკეული ოპოზიციონერები, მათი მხარდამჭერები და დავალებების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარედან. სრული ისტერიკა აქვთ გამართული. ამ ყველაფერში კარგად ჩანს, რა უსუსური და არაფრის მომცემია ის გზა, რითაც დადის რადიკალიზმი და მათი უილსონის მსგავსი მხარდამჭერები, ქვეყნის ფარგლებს გარედან. მათი გეგმები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არის განულებული. ვერ შექმნიან იმ მოცემულობას, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, უბედურებაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, უმჯობესი იყო, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის შეფასებით კი, ეუთოს გენერალური მდივნის სტუმრობამ მათი ოპონენტები ისტერიაში ჩააგდო.
“პრაქტიკულად, ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რეალობას ვერ აღუქვამენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები, ადამიანთა გაერთიანებები. და მეორე, იმითია ცუდი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია. რაღაცამ ხომ უნდა დაუსვას ამას წერტილი და ჩამოსვლა ამ დონის ადამიანის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი დაესვას და თუკი ვინმე ფიქრობს პოლიტიკურ ველზე საკუთარი სუბიექტის შენარჩუნებას, რა საკვირველია, პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. არა დამანგრეველში, არა რევოლუციურში, არამედ პოლიტიკურ პროცესებში”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.