მნიშვნელოვანიმსოფლიორადიოფერმერი

ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთი ლავროვს არ დაუშვებს

ვარშავამ მიიღო გადაწყვეტილება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ დაადასტურა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 1-2 დეკემბერს ლოძში, რუსეთის დელეგაცია ზოგადად და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაიშვება. წერილის მიხედვით , რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს.

„ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში.

პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ვარშავა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე აქტიურ დახმარებას უწევენ უკრაინას.

ახლახან ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.

თავდაპირველად რაკეტის გაშვებაში რუსეთს სდებდნენ ბრალს, მაგრამ გამოძიების შედეგად ვარშავამ განაცხადა, რომ ნატოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რაკეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ნასროლი.

ამასთან, ნატოს ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაკეტა უკრაინულიც რომ იყოს, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება, რადგან წინა დღით სწორედ მან განახორციელა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები, უკრაინის საჰაერო თავდაცვა კი მათ მოგერიებას ცდილობდა.

ცნობისთვის, ეუთო 57 ქვეყნისგან შედგება, მათ შორის რუსეთი და უკრაინა.

ამასთან პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტის ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა იყო.

“სავარაუდოდ, ეს იყო უბედური შემთხვევა. არის რუსეთის მასიური და სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე. რუსეთი არის პასუხისმგებელი ამ ომზე და რუსეთი არის პასუხისმგებელი ყველა უბედურებაზე, რაც ამ ომის შედეგად ხდება.

მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი თავდაცვის სისტემა, რომელიც დაიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას, განსაკუთრებით საზღვრიდან ასეთ მცირე მანძილზე, თუ არ არსებობს სტრატეგიული, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც სპეციალურ დაცვას ექვემდებარება“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაკეტა ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.

ადგილზე ექსპერტებმა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს, რომელშიც უკრაინაც ჩართულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button