ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა-კალაძე
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუხსნას.
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში, ვისმენდით ცრუ განცხადებებს, თითქოს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ტყუილი და სამარცხვინო განცხადებაა, რომელიც მათ შორის, ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ. აქ იკვეთება ის სპეკულაციები და მანიპულაციები, რაც საქართველოსთან მიმართებაში აქვთ. გუშინაც ვთქვი, პრემიერმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ დეკემბერში იმართება ევროკომისიის სხდომა. მათ აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან. თუ ეს დგას დღის წესრიგში, არავინ ამბობს ამაზე უარს, როგორც ამას თავად წარმოაჩენენ. გახსნან მოლაპარაკებები და ნახონ, ხელისუფლება მიიღებს თუ არა ამას. შესაბამისად, ეს ყველაფერი „თითიდან გამოწოვილია“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის პროცესს ვაგრძელებთ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი და რაც არის გათვალისწინებული, იმ დღის წესრიგს მივყვებით. 2028 წლისთვის ჩვენ 90%-ზე მეტი ვალდებულება გვექნება შესრულებული და უკვე მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ მოეწონა, ახლა კი საზოგადოების დაპირისპირებას ცდილობენ.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც და მოლაპარაკებების გახსნაც ფორმალობაა და ამას თავადაც ამბობდნენ. ჯერ ხომ გვაშანტაჟებდნენ, სანამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ. ამას იყენებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა, მაგრამ არ გამოუვიდათ. დღეს, უკვე ახალი იარაღი აქვთ – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის სახით. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, გახსნან მოლაპარაკებები, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს შანტაჟისთვის იყენებენ, რომ არეულობა მოახდინონ. მათ არჩევნებში მიღებული შედეგები არ მოეწონათ, აგენტურამ და ქვეყნის მოღალატეებმა რომ ვერ გაიმარჯვეს. შესაბამისად, დღეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რამდენიმე თვე იქნება რთული, კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო წინა პერიოდები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ, ჩქარობენ ვიდრე შედგება ამერიკის შეერთებული შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია, ჩქარობენ ვიდრე დასრულდება ომი უკრაინაში, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის.
„ეს მომდევნო რამდენიმე თვე ჩვენთვის იქნება შესაძლოა კიდევ უფრო რთულიც, ვიდრე იყო წინა 3 წელიწადი, ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად, თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის. ჩვენ ველოდებით ამ მომენტს.
თქვენ გახსოვთ, წინა 3 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა. ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვქმნოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე. წელიწადნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის ინსტრუმენტი. არავინ არ ახსნა, რატომ არ მოგვანიჭეს ჩვენ 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, როცა ეს სტატუსი მოლდოვასაც კი მიანიჭეს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. დღემდე ქართული საზოგადოებისთვის არავის არ აუხსნია რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, როცა მიანიჭეს მოლდოვას და წელიწად ნახევრის განმავლობაში რატომ იყენებდნენ ამ თემას საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად. თქვენ ერთი წამი წარმოიდგინეთ დაშვების დონეზე, რა იქნებოდა, რომ მაშინ, 2022 წლის ივნისში ჩვეულებრივად მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები და ა.შ. რა იქნებოდა, იქნებოდა სიმშვიდე და რატომ არ გააკეთეს, იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდოდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და უნდოდა ამ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩა, უნდოდა პოლარიზაცია, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში და უნდოდა „ნაცმაედანი”, „ნაციონალური მოძრაობის” მობრუნება ხელისუფლებაში ძალადობრივი მეთოდებით, ან თუნდაც არჩევნების გზით და უნდოდა საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს, ამ უსამართლობას ვერ ექნება სხვა ახსნა. როცა გადაივლის პროცესები, როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ველოდებით ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას. აქედან გამომდინარე, ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობილი. 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.