მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება შეთანხმების შესრულებას”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებას ეხმაურება, რომელსაც ის “ისტორიულ მიღწევას” უწოდებს.

როგორც ბორელი წერს, მას იმედი აქვს, რომ საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო მხარდაჭერა ექნება:

“8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო. ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას. ევროკავშირი დააკვირდება 8 მარტის პირობების შესრულებას არჩევნებთან დაკავშირებით.”

8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ელჩების ჩართულობით გააფორმეს, საარჩევნო ცვლილებების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობდა. საერთაშორისო პარტნიორების და ოპოზიციის ზეწოლის ფონზე, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომელზეც შეთანხმებაში იყო საუბარი, კვლავაც პატიმრობაში რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დღეს, 19 ივნისს, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს დიალოგის ფასილიტატორებმა. ისინი ხელმომწერ მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეთანხმებული პირობა “გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად”. ფასილიტატორების თქმით, მოახლოებული არჩევნების პერიოდში, ამ საკითხს კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დააკვირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button