მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთან უკრაინასთან და მოლდოვასთან მჭიდრო მუშაობას

ევროკავშირის დასკვნაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და მათი რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე – წერია ევროპული საბჭოს შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში.
უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე.

„2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დასკვნით დოკუმენტში საუბრობენ ევროკავშირის მზაობაზე, მჭიდროდ იმუშაოს სამივე ქვეყანასთან – უკრაინას, მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოსთან, და დაეხმაროს ამ ქვეყნებს ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია სამივე ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
თუმცა 2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ძირითადად საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე.

დასკვნაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო. მოლდოვა – ორჯერ. ევროპული საბჭო ქვეყანას ჰპირდება დახმარებას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

„დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა 25 ოქტომბერს X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ სამი ქვეყნის მხარდაჭერაზე ჩანაწერი დასკვნით დოკუმენტში თავდაპირველად არ იყო და მხოლოდ გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაემატა.

იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები დადებითი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„მსურს გითხრათ, თუ რა არის შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ეს არ შემიძლია. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, არ ვიცი. ამ წუთებში, ბრიუსელში ჩემი უფროსები მუშაობენ საქართველოსთვის გაფართოების პირველი ანგარიშის დასასრულებლად, რომელიც წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს. იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მისცემს. სამწუხაროდ, ჩვენ 8 ნოემბერს უნდა დაველოდოთ. გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის და სხვა ცხრა სახელმწიფოსთვის საჯარო იქნება და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

„სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის უხამსობის შესახებ. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ყველა ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ელჩის გამოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჰერჩინსკის განცხადება „მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიტყვებია“.

„მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიტყვებია. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა, მისი ძლიერი ბიძგი იქნება მომდევნო კვირას – ყველა ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება. ამ გზას [რიკოთის მაგისტრალური გზა] და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ ამ სტატუსით – საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართული შენატანით – შეიძლება დავარქვათ“,- განაცხადა ქარსელაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button