მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი იმუშავებს იმისათვის, რათა უკრაინამ გლობალური მხარდაჭერა მოიპოვოს

ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართა. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლეიენსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა. ლიდერებმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც უკრაინის დახმარებაზე და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხი იყო. ამასთან დასავლელი პოლიტიკოსებმა ზელენსკის კიდევე ერთხელ მისცეს პირობა რომ რუსეთის დასამარცხებლად მხარს ბოლომდე დაუჭერენ.
………………
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი იმუშავებს იმისათვის, რათა უკრაინამ გლობალური მხარდაჭერა მოიპოვოს.
უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს.

“დღეს ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ოჯახის წევრები კი ერთმანეთს ეხმარებიან, შეგიძლიათ დაგვეყრდნოთ. ომშიც და შემდეგაც. უკრაინელები სიცოცხლით იხდიან ფასს ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, ვიცით რომ უკრაინელების მსხვერპლი შეუფასებელია. ამასთან, ჩვენ თქვენთან ვდგავართ და 66 მილიარდი ევროს მობილიზება უკვე მოვახერხეთ ყველა მიმართულებით. უნდა გავაკეთოთ მეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მშვიდობის ფორმულას და მის 10-ვე პუნქტს. ჩვენ ვიმუშავებთ მტკიცედ რომ მან გლობალური მხარდაჭერა მოიპოვოს. რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი იმ სისხლისთვის, რაც დაიღვარა. სანქციების მე-10 პაკეტი ამ თვეში ამოქმედდება – ვლადიმერ, ჩვენ მიზანში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ამაში დაგეხმარებით. პაკეტი მოიცავს ექსპორტის ნაწილსაც და ეს შეაჩერებს რუსეთის სამხედრო მანქანას. საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს იმაზეც, რომ სამართლიანობა იყოს დაცული. რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის სტრუქტურის თაობაზე უკვე მიდის მსჯელობა, ამის პოლიტიკური ნება უკვე არსებობს – რათა დამნაშავე დაისაჯოს. ასე რომ გზას ვიპოვით. უკრაინა შთამბეჭდავად მიდის ევროპულ გზაზე და ჩანს რომ შეგიძლიათ აგრესორთან ბრძოლის პარალელურად შედეგზე გასვლა.მოდით ვაქციოთ თქვენი ოცნება რეალობად – შესაძლოა წინ რთული გზა იყოს მაგრამ იმაში იყავით დარწმუნებული რო გვერდში გედგებით თითოეულ ნაბიჯზე. გაუმარჯოს ევროკავშირს, დიდება უკრაინას,”- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენი.

ომის დაწყებიდან პირველად, ბრიუსელში ​ ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერმა ევროპელ კოლეგებს პირადად გააცნო ის კრიტიკული საჭიროებები, რაც ქვეყანას აქვს. სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იღებდა მონაწილეობას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის დრონებისა და რაკეტების მწარმოებელი ინდუსტრიის წიანააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლახან მივიღე მონაწილეობა ევროპული საბჭოს შეხვედრაში. დიახ, ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა მინდა, რომ გადმოგცეთ განწყობა, რომელიც მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც თქვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრი გახდება. ეს არის ერთიანობა, რომლის შექმნაც შევძელით. ეს არის ერთიანობა, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირი იქნება ჩვენ გვერდით უკრაინის გამარჯვებამდე და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი. ბრიუსელში ჩვენი დისკუსია იყო ძალიან კონკრეტული, ძალიან ზუსტი. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და სტაბილურობაზე. ვისაუბრეთ სამართლიანობის აღდგენაზე, ასევე ღირებულებებზე, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინულია, არამედ ევროპულიც. ამასთან, საუბარი იყო, რომ უკრაინა ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, ჩვენი, თქვენი სოციალური ცხოვრება, კეთილდღეობა დამოკიდებულია ამაზე, თუმცა რუსეთმა მოახდინა ჩვენ ბირთვული ელექტროსადგურების ოკუპირება და გათიშა ისინი ქსელიდან. ეს არის არა მხოლოდ თქვენი ღირებულებების, არამედ ინტერესების დარღვევა. ჩვენ შეგვიძლია, რუსეთის აგრესიის ნებისმიერ ელემენტზე ანალოგიურად ვისაუბროთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს უკრაინის ქალაქების, ეკონომიკის განადგურებას, თუმცა ეს აზარალებს ევროპასაც.

„დიახ, ისინი ცდილობენ ჩვენი ეკონომიკის და ქალაქების განადგურებას, თუმცა ამას აკეთებენ იმგვარად, რომ ეს აზარალებს ევროპელებსაც. ჩვენ მადლობლები ვართ საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდებისთვის, თუმცა ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ჩვენგანის ინტერესია, არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ევროპელების, რომ რუსეთმა აღარ დაამზადოს რაკეტები, აღარ დაესხას თავს ჩვენს ქალაქებს. ასე რომ, ჩვენ უნდა გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და დავაწესოთ სანქციები რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების წარმოების ინდუსტრიის წინააღმდეგ, ასევე აიტი სექტორის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს რუსული ტერორის მხარდაჭერას. ამგვარად ჩვენ შევძლებთ ნგრევის შემცირებას და თავდასხმების აღკვეთას. ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია თქვენი განცხადება, რომ ევროპა ჩვენ გვერდით იქნება გამარჯვებამდე, მე ეს მოვისმინე არაერთი ევროპელი ლიდერისგან, ამისთვის მათი მადლობელი ვარ. მე მოვისმინე მზადყოფნის შესახებ, მოგვაწოდონ აუცილებელი შეიარაღება, მათ შორის ავიაცია. მე რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მექნება და ვაპირებ, რომ დავაყენო ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების საკითხის განხილვა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, იმისთვის, როგორ უჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, იმისთვის, რომ თავშესაფარს აძლევთ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი შვილები ბომბებისგან დაიცვან. ახლა ევროპა მილიონობით ჩვენს მოქალაქეს იფარებს. ევროპული ღირებულებები ნამდვილია, მადლობა ყველაფრისთვის, მეგობრობო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

რუსეთი აწარმოებს ტოტალურ ომს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ დიქტატორული რეჟიმების დახმარებით, როგორიცაა ირანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელებს ესხმის თავს, არამედ ევროპული ცხოვრების წესსაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, კვლავ შეინარჩუნოს უკრაინის დახმარების კურსი.

„ევროპას გაუმართლა, რომ ამ პლენარულ სესიაზე, ევროპის უდიდეს პარლამენტში, ევროპარლამენტში პრინციპული და ენერგიული მიდგომა აბსოლუტური უმრავლესობით სარგებლობს. ევროპული ცხოვრების წესია პლურალიზმი, აზრთა მრავალფეროვნება, თანასწორობა, თავისუფალი პროტესტის უფლება და ტერიტორიული საზღვრები, რომლებიც არ ირღვევა. ეს არის ჩვენი ევროპა, ეს არის ჩვენი წესები, ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი და უკრაინისთვის ეს არის გზა სახლისკენ. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის სახლის გზა. რუსეთი აწარმოებს ტოტალურ ომს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ისეთი დიქტატორული რეჟიმების დახმარებით, როგორიცაა ირანი“, – განაცხადა ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, „პუტინი არის დიქტატორი, რომელიც იყენებს საბჭოთა იარაღს თავისი მიზნის მისაღწევად“.

„რუსეთის რეჟიმს არა მხოლოდ სძულს ნებისმიერი სოციალური სამართლიანობა და მრავალფეროვნება – ისინი ინვესტიციას ახდენენ ქსენოფობიაში და ცდილობენ, რომ ის ნორმალურობის ნაწილად აქციონ. ევროპა ისუფთავებს თავს რუსული ოლიგარქიული ბიზნესის კორუფციული გავლენისგან. ევროპა იცავს თავს რუსული სპეცსამსახურების შეღწევისგან, რომლებიც ევროპას რუსეთის რეჟიმის მოწინააღმდეგეების სანადირო ველად უყურებდნენ. უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი – ევროკავშირის, რომელიც იმარჯვებს. უკრაინამ და ევროკავშირმა თავიანთი ძალა აშკარა გახადეს თავიანთი პრინციპული და ენერგიული მიდგომით – ჩვენ, ყველანი თანაბარი ვართ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ევროკავშირის დროშა გადასცეს.

დარბაზში შესულ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მხურვალე ტაში მოჰყვა მის სიტყვით გამოსვლასაც, რის შემდეგაც დარბაზში უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები გაისმა. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button