მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს

ევროკავშირი გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოხუმში ფრენების დაწყების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას. ამის თაობაზე საუბარია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებაში.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის საჭირო საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

​ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

1 მაისიდან რუსეთმა რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლა დაიწყო მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – სოხუმში.

სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს.

2023 წელს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შეთანხმება. 2025 წლის თებერვალში რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში საცდელი ავიარეისი შესრულდა.

მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.

თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა თებერვალში შესრულდა. უკვე 12 აპრილს კი “როსავიაციამ” რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა.

1-ელ მაისს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button