მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას შესთავაზებს

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას შესთავაზებს. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ამ სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა წინადადებები ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასების შესამცირებლად, რაც რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან ერთად, მოიცავს ევროკავშირში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.

მისი თქმით, ევროკავშირს სურს შეზღუდოს გაზზე მომუშავე მწარმოებლების შემოსავალი და მათი „გაუთვალისწინებელი მოგება“ მოახმაროს ზომებს, რომლებიც ოჯახებისა და კომპანიების მხარდასაჭერად გატარდება.

ევროპის ელექტროენერგიის ფასებს, როგორც წესი, ადგენს გაზის ქარხნები და ლიმიტი მიზნად ისახავს ქარის ელექტროსადგურების, ატომური ელექტროსადგურებისა და ქვანახშირის გენერატორების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას, რომლებსაც აქვთ დაბალი სამუშაო ხარჯები, რადგან მათზე გაზის ფასების ზრდა გავლენას არ ახდენს.

როგორც მედია წერს, ევროპაში ელექტროენერგიისა და საწვავის ფასები გაიზარდა რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის გამო. მოსკოვი ამის მიზეზად ტექნიკურ პრობლემებსა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, დასავლეთს გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტენ, თუ რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესდება.

გარდა ამისა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ინიციატივა ევროკომისიამ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს.

ევროკავშირის ოფიციალური ხელმოწერის შედეგად, 12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი გაუქმდება,რაც იმას ნიშნავს,რომ რუსეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელი 85 ევრომდე გაიზრდება, მათი გაცემის ვადები შესაძლოა 45 დღემდე გაგრძელდეს და განაცხადის შესატანად მეტი დოკუმენტი გახდება საჭირო.

“რუსეთთან უკვე აღარ შეიძლება საქმის ჩვეულებრივად წარმოება. გამოვდივართ წინადადებით, მთლიანად შეწყდეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება და არ იქნეს აღიარებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები. სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

საკითზე 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეთანხმება 31 აგვისტოს პრაღაში არაფორმალური შეხვედრების დროს შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button