მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და პარტნიორებს თავად გაუზიარა ის კონკრეტული შედეგები, რომლებსაც საქართველომ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით მიაღწია.

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავმჯდომარეობდა. მან და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ ევროპა საქართველოსგან საშინაო დავალების შესრულებას და დემოკრატიული რეფორმების გატარებას ელოდება.

სხდომის ფარგლებში, მხარეების მიერ განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იყო. შემოდგომაზე საბოლოო შეფასების გამოქვეყნებამდე, შესაძლოა ევროკომისიამ ზეპირი ანგარიშიც წარმოადგინოს. ამ კონტექსტში, ევროკავშირში საქართველოს ელჩის განცხადებით, ქართულ მხარეს უნიკალური შანსი მიეცა კიდევ ერთხელ ესაუბრა პარტნიორებთან ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე.

ლუქსემბურგიდან ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის მეთაურთან ერთად ხვალ ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებში მიიღებს იმონაწილეოს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.

ვაპირებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოზეც ვისაუბროთ. გვექნება შეხვედრა, განხილვა. ვისაუბრებთ შეერთების პერსპექტივაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
ბორელის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად ბორელის თქმით, მათ ახსოვთ, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სპეციფიკური გამოწვევები აქვს, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვდეს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს შესახებ სასაუბროდ“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონულ უსაფრთხოების სიტუაციაში, – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

„შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, კერძოდ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში“,- წერს ვარჰეი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. შეხვედრაზე მინისტრები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზეც. შეხვედრას დაესწრება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button