ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ევროკავშირმა და ნატომ ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას.
გაერთიანებების სახელით დეკლარაციის ხელმომწერები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერა ახლა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მნიშვნელოვანია, „როგორც არასდროს“, დეკლარაციის ხელმოწერით კი ნატოსა და ევროკავშირს პარტნიორობა „ახალ დონეზე“ გადაჰყავთ.
„ჩვენ მოწოდებული ვართ, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდგომ დონეზე ავიყვანოთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის რამდენიმე დღეში აღება და დასავლეთის გაყოფა სურდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
„პრეზიდენტ პუტინს სურდა უკრაინის აღება რამდენიმე დღეში და ჩვენი გაყოფა. ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, ნატო და ევროკავშირი მეტად დეტალურად შეათანხმებენ მოქმედებებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, კოსმოსის ათვისების, უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევის, კლიმატის ცვლილებების და სხვა მიმართულებებით.
„რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა – ერთადერთი. ჩვენ ასევე ვხედავთ ჩინეთს, რომელიც თავისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გამძლეობა და ამ ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ეს ნატოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის რიგით მესამე დეკლარაციაა, 2016 და 2018 წლებში ხელმოწერილი დოკუმენტების შემდეგ.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მას მერე, რაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის სრულფასოვანი წევრები გახდებიან, ვინაიდან ნატოში მათი გაწევრიანებით ალიანსი ევროკავშირის მოქალაქეთა 96%-ს დაიცავს.
მისი თქმით, ნატო გააგრძელებს „მამაცი უკრაინელი ხალხის“ მხარდაჭერას და „კრემლზე ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის თქმით, ამ დეკლარაციის ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად რჩება.