ევროკავშირმა რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 19 მილიარდამდე ევრო გაყინა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18.9 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს.
ყველაზე მეტი – 3.5 მილიარდი ევრო ბელგიამ დააყადაღა, რომელსაც მოსდევენ ლუქსემბურგი 2.5 მილიარდით ევროს ღირებულების და გერმანია 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების დაყადაღებული აქტივებით. 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინეს ირლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა.
ამ სიაში არის ასევე მალტაც, სადაც უკვე დაბლოკილია 150 ათასი ევრო. ეს თანხა მოიცავს უძრავი ქონების ღირებულებას, ასევე იახტებს, ვერტმფრენებს და ხელოვნების ნიმუშებს. ასევე ამ დრომდე გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 300 მილიარდი ევრო.
მალტა, ქვეყანა, სადაც მოქმედებს საკამათო “ოქროს პასპორტის” სქემა მდიდარი ინვესტორებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, სიაში ბოლოა და იქ 146 558 ევროა დაბლოკილი. საბერძნეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა 212 201 ევროთი.
როგორც გასულ კვირას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება.
აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, საერთო ჯამში, 1241 ფიზიკური პირი და 118 ორგანიზაცია ექვემდებარება უკრაინის კონფლიქტში მათი როლის გამო.
ამასთან ბულგარეთის პარლამენტმა მოიწონა კიევისთვის პირველი სამხედრო დახმარების გაგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ მიმდინარე წლის 24 თებერვალს.
ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, რომელიც არ მონაწილეობდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში. ადრეულ გაზაფხულზე ბულგარეთის პოლიტიკოსები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების აღმოჩენას, მაგრამ მაისში ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ დაბლოკა. ეს მთავრობა მას შემდეგ შეიცვალა.
იმის სრული სია, თუ რას უგზავნიან კიევს, გასაიდუმლოებულია, მაგრამ სოფიამ განაცხადა, რომ ძირითადად ესაა მსუბუქი იარაღი და ამუნიცია. ტრანშში არ შედის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რაც უკრაინას ყველაზე მეტად ესაჭიროება. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში ეს ახსნეს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ხელშეუხებლობის მოსაზრებებით.
„მადლობელი ვარ ბულგარეთის პარლამენტისა სამხედრო დახმარების პირველი პაკეტის მოწოდების თაობაზე ისტორიული კენჭისყრისთვის,“ დაწერა ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.