ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეგვაქვს უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის თანხლებით
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეგვაქვს უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის თანხლებით. იმ პრეზიდენტის, რომელიც ახლა ევროპისთვის გმირია და ფაქტობრივად, მარტო ებრძვის რუსეთს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ცუდი არ არის, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად პერსპექტიული იქნება.
საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი გუნდის მიერ საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას და ეს პროცესი განცხადებით არ უნდა შემოიფარგლოს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და მას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უხელმძღვანელოს.
„დღეს ჩვენ ვაპირებდით გაგვევრცელებინა განცხადება და მოგვეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ დაეწყოთ განაცხადზე მუშაობა. მისასალმებელია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გუშინ თავად მიიღეს და იმედი გვაქვს დღესვე გაგზავნიან ამ განაცხადს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის იმ დიდ გზაზე, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს მივესალმებით და გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის გზის დასაწყისი და ეს იქნება რთული გზა. ამ გზაზე ერთად უნდა გავიაროთ მთელმა ქვეყანამ, ერთად უნდა გაიარონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველომ, რომელმაც რეგრესი განიცადა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, სწორედ პირველ რიგში ამ რეფორმებს უნდა მიხედონ რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი მეგობრებიც ამას გვეტყვიან, თუ ისინი მზად იქნებიან სერიოზულად განიხილონ ეს განაცხადი.
პირველი რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ის უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას. იქ სწორედ იმ რეფორმების ნაწილი რომელიც ქვეყანას აუცილებლად დასჭირდება ევროინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მკაფიოდაა ჩამოყალიბებული. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის უკრაინასთან ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ გამოსწორება ურთიერთობისა, ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნათელი მესიჯი არ ყოფილა და შედეგიც ვიცით. ჩვენ თუ განაცხადს ვაკეთებთ და ამ გზაზე ვდგებით ეს უნდა გააკეთონ ერთად ე.წ. ტრიომ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სამივე ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, სამივე ქვეყანას გვაქვს ოკუპირებული მიწები და ერთად უნდა მივმართოთ ევროკავშირს, რომ მზად იყოს მიგვიღოს და მოგვცეს წევრობა. ევროკავშირის წევრობა ეს არ იქნება ერთი და ორი დღის ამბავი, ეს იქნება გრძელი გზა, გრძელი გზა რეფორმებისა, გრძელი გზა განვითარებისა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი დღესვე უნდა დაიწყოს და მხოლოდ განცხადებით არ უნდა შემოიფარგლოს. საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამაზე იმუშავებს და ჩვენ მიგვაჩნია ყველაზე მისაღებია ამ პროცესის სახე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. შესაძლოა, მისმა ოფისმა სრულად ვერ წარმართოს ეს საქმიანობა, მაგრამ სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი საგანგებო სტრუქტურა უნდა დაეხმაროს პრეზიდენტს ამ ფუნქციის განხორციელებაში. ყველას გვესმის კარგად, რომ ჩვენი პრეზიდენტი დღეისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებიდან ევროპისათვის. მინდა გამოვუცხადო სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, რომელიც თავისი სისხლით იბრძვის თავისუფლებისთვის დემოკრატიისთვის და ევროპული არჩევანისთვის. მინდა გამოვხატო იმედი, რომ ცივილიზებული სამყარო არ მისცემს პუტინის იმის საშუალებას, რომ სრულად გაანადგუროს ეს ქვეყანა. ეს გზა ყველამ ერთად უნდა გავიაროთ და დიდი იმედი მაქვს ევროპა სერიოზულად მიუდგება ჩვენს განაცხადს. მინდა მივმართო პოლიტიკურ ოპოზიციასაც, ეს არის მთელი საქართველოს არჩევანი, ამიტომ პოლიტიკური ოპოზიციაც ამ პროცესში ჩვენი აზრით აქტიურად და ინტენსიურად უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდი“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა.