მნიშვნელოვანისიახლეები

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია

დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტს იწყებს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი.

ევროკომისარი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა.

თბილისში უკვე კეთდება შეფასება, რომ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი – ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. ვიზიტის ფარგლებში, მოხდება ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციის და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხილვა.

ამასთან, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში აცხადებს, რომ ევროკომისრის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ევროკავშირმა საქართველო გაფართოების კალათაში გადაიყვანა.

“ევროკავშირმა საქართველო გაფართოების კალათაში გადაიყვანა. შესაბამისად გაფართოების ევროკომისიის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება იმ ახლა შესაძლებლობებზე, რომელიც ახალმა რეალობამ მოუტანა საქართველოს. შეხვედრებზე საუბარი იქნება იმ 12 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკომისიამ დაუსახა საქართველოს. იმისთვის, რომ საქართველო ახლო მომავალში გახდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი. შესაბამისად ევროპულ მხარეს, ქართული მხარე მიაწვდის ინფორმაციას 12 რეკომენდაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების და ზოგადად პროცესის მიმართულებით,”-აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის უმასპინძლა პრეზიდენტმაც, ადმინისტრაციის ცნობით მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12-ი რეკომენდაციის შესრულების პროცესი.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს გზავნილი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეისმინეს და ჩამოვიდა, რათა დაეხმაროს ქვეყანას ამ გზავნილის შესრულებაში. ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოს ბევრი მუშაობა მოუწევს, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა.

“მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას – ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში და გაფართოების საკითხებში. ეს პირველად არის ამ რანგში, არა მარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი – ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რათა მოგახსენოთ, რომ მზად ვართ შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი, არა მარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება.

ამიტომ, დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით. გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად; დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და ამ მიმართულებით ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ.

მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება ეს სურვილი, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად,” – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

“ევროპას თითქოსდა არ უნდა აქ რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თუ ასეა, რატომ უჭერდნენ მხარს ფარულად ლეგიტიმური მთავრობის ჩანაცვლებას “ტექნიკური მთავრობით” და მხოლოდ მაშინ დაოკდნენ, როდესაც რევოლუციის მცდელობა ფიასკოთი დასრულდა?“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რატომ არიან მუდმივად უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლების პოზიციით არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან, რომ სამხედრო კონფლიქტი ააცილოს ქვეყანას.

“საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა.
ბოლო ფრაზას მიაქციეთ ყურადღება! ევროპას თითქოსდა არ უნდა აქ რევოლუციები და დესტაბილიზაცია, უნდა მშვიდობა და ა.შ.
თუ ასეა, რატომ უჭერდნენ მხარს ფარულად ლეგიტიმური მთავრობის ჩანაცვლებას “ტექნიკური მთავრობით” და მხოლოდ მაშინ დაოკდნენ, როდესაც რევოლუციის მცდელობა ფიასკოთი დასრულდა?
რატომ არიან მუდმივად უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლების პოზიციით არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან, რომ სამხედრო კონფლიქტი ააცილოს ქვეყანას,” – წერს ანჯაფარიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button