ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა

ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ზეწოლის შემდეგ, ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
კერძოდ, შეზღუდვა უკრაინაში წარმოებული ოთხი სახეობის აგროპროდუქტს შეეხება – ხორბალს, სიმინდს, რაფსსა და მზესუმზირის თესლებს. იმპორტის აკრძალვა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ამ პროდუქტებთან დაკავშირებული “ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას” უკავშირდება.
შეზღუდვა ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში იქნება შესაძლებელი, გარდა ჩამოთვლილი ხუთისა. ამავდროულად, მათი ტერიტორიის გავლით უკრაინული აგროპროდუქციის ტრანზიტი დაშვებული იქნება.
პარალელურად, ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა პირობა დადეს, რომ გააუქმებენ ცალმხრივ ზომებს ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის, ისევე როგორც უკრაინიდან წარმოშობილი ნებისმიერი სხვა პროდუქტის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაადასტურა ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის ფერმერებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაზეც გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. ასევე, მიღებული იქნება ზომები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის გასაადვილებლად „სოლიდარობის გზებით“ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებში.
“პარალელურად ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა ვალდებულება აიღეს, რომ ხორბალზე, სიმინდზე, რაფსსა და მზესუმზირის თესლებზე, ასევე უკრაინიდან მომავალ ნებისმიერ სხვა პროდუქციაზე ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ”, – წერია განცხადებაში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ 5 ივნისს ვადის ამოწურვის შემდეგ იგი მზად იქნება პრევენციული ზომები გაახანგრძლივოს იქამდე, “სანამ განსაკუთრებული ვითარება გაგრძელდება”.



