მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინის 10-წლიანი ომისთვის-ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინა-რუსეთის ომში დაიღუპა ათეულობით ქართველი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა 10-წლიანი იყოს და ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამით ზეწოლა შესაძლებელია. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე ზეწოლა შეუძლია, შედეგად ომი გრძელდება“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელსაც ეწურება უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები უკრაინაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის, სტოლტენბერგმა დადებითად უპასუხა.

„მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, რომ უკრაინას დავეხმაროთ, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. პარადოქსი ისაა, რომ ახლა პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია, დაგველოდოს. ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი ხნის განმავლობაში, რომ გვაქვს ძლიერი, მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ ჩვენ გვაქვს პირობები გადაწყვეტისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი დრო და ადგილი უკრაინაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ დარჩება ალიანსში, რადგან „ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებშია ძლიერი ნატო-ს არსებობა“.

„აშშ-ში ნატო-ს მიმართ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა, როგორც კონგრესში, ასევე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენმდივნის განცხადებითვე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სწორად გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები იმის გამო, რომ საკმარისი არ დახარჯეს თავდაცვაზე და ზედმეტად ეყრდნობოდნენ აშშ-ს, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა ეს ვითარება შეიცვალა.

„ნატო-ს სამხედრო ალიანსის წევრები პირობას დებდნენ, რომ 2024 წლისთვის თავდაცვისთვის ყოველწლიურად დახარჯავდნენ თავიანთი ეკონომიკის ღირებულების, მინიმუმ, 2%-ს. ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია, რადგან, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენი ძირითადი ღირებულების ირგვლივ: ერთმანეთის დაცვა. მე ველოდები, რომ ეს ასე იქნება აშშ-ის არჩევნების შემდეგაც“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მიწასთანაა გასწორებული რამდენიმე ქალაქი კიევის ოლქში. ამ ომში დაიღუპა ათეულობით ქართველი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button