მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ევროპარლამენტარების განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ევროპარლამენტარების განცხადებას,სადაც სანქციების შესაძლო დაწესებაზეა საუბარი, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რეალური საფრთხე დაემუქრა.

“პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ამ განცხადებაში ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩადებული, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს. დემოკრატიულ ოპოზიციაში არასდროს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ.
ძალიან კარგად მახსოვს, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები, რომელიც, პრაქტიკულად, ასე დაიწყო. ძალიან კარგად მახსოვს სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც აკისრებდნენ ხელისუფლებას და ეს პასუხისმგებლობა როგორ დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება საქართველოში არ გვსურს,”-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მმართველ პარტიაში. პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი  ირწმუნება, რომ ეს რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება ევროსაბჭოს განწყობას არ ასახავს და ვერც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე იმოქმედებს.

“გაუგებარია ამ ექვსი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუ ევროკავშირს ექვსი დეპუტატი მიმართავს, შემდეგ ამას ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას.

ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, ამაზე რაღაც სკანდალური შეკითხვები შეიძლება დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში ატყდა, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება – რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ, როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რაღაც სანქციები დაუწესოს ქვეყანას.
არ მგონია, რომ ექვსი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის,”- აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ,ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ ეთანხმებიან ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის წინადადებას და აცხადებენ შედეგებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მხრივ.

1 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული პოლიტიკური დიალოგის საკითხებში ევროკავშირის პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, წამყვანმა ევროპარლამენტარებმა შემდეგი ერთობლივი განცხადება გააკეთეს:

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლად მიიღონ ზომები. საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოში კარგად ცნობილი ევროპარლამენტარები:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია) და პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა).

მსგავსი პოსტები

Back to top button