მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა.
“გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ გუშინ ღამით რუსული კანონის მოწინააღმდეგე სამ ადამიანზე ფიზიკურ თავდასხმას.

ფოტიგა აზიარებს რეზოლუციის ფოტოს, რომელიც ევროპარლამენტმა რუსული კანონის შესახებ მიიღო, ამ რეზოლუციის შესწორებაში საუბარი იყო ივანიშვილის სანქცირებაზე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 25 აპრილს, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიას, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი 8 მაისის ღამეს თბილისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს ეხმაურება და წერს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და “ოცნების” ალტერნატივა იქნება არჩევნებზე.

“ერთადერთი სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების შემდეგ მომდის თავში, არის “უკან საბჭოთა კავშირში” (Back in the USSR) ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და არჩევნებში “ქართული ოცნების” ალტერნატივად იქცევა” – წერს მაიკლ გალერი
როგორც ცნობილია, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button