ევროპარლამენტი ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს
495 მომხრე 73 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო.
მყარად გმობს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის” შესახებ კანონების მიღებას, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს; მიაჩნია, რომ ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების დასარღვევად, მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების დაწესებისთვის ან დაუცველი ხალხის წინააღმდეგ დისკრიმინაციისთვის; ხაზს უსვამს, რომ ეს შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ხაზს უსვამს, რომ ვიდრე ზემოთქმული კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია;
მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველო, ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე დემოკრატიული პროგრესის ჩემპიონი, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიული გაუარესების „თავისუფალ ვარდნაში“ იმყოფება.
გმობს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და, რუსეთისკენ გადახვევისთვის, ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრაში ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს, რომელიც 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, როდესაც “ქართული ოცნების” პარტიის “საპატიო თავმჯდომარე“ გახდა;
კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვისა და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ სხვა ქმედებებისთვის.
მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს პასუხისმგებლობა დააკისრონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ ყველა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ვინც თანამონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში, და ვინც ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებენ; [ევროპარლამენტი] მიესალმება აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ პერსონალურ სანქციებს.
აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ გაგებით მისცა, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა;
ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს მიღებული კანონები ნათლად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა.
ხელახლა მოუწოდებს ევროკომისიას, რომ სწრაფად შეაფასოს თუ რა გავლენას ახდენენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების მიმდინარე შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნაზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის საკვანძო კომპონენტია, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის” კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება.
ხელახლა იმეორებს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული პირობების საფუძველზე, რათა სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ გაეწიოს;
ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას სრული და უდავო პასუხისმგებლობა აკისრია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე, და სრულად პასუხისმგებელი უნდა იყოს თუ მას ნებისმიერი ზიანი მიადგება.
ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში გაზრდილი რუსული გავლენის გამო, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაციის გამო, რუსეთთან გაზრდილი სავაჭრო კავშირების გამო და საქართველოს სურვილის გამო, ცდილობდეს რუსეთთან შერიგებას უკრაინაში რუსეთის ომის და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის მოუხედავად; საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თავისი წინა პოლიტიკა და პატივი სცეს თავის ვალდებულებას, რომ ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლის არდასაშვებად ეფექტიანი ზომები განხორციელდეს; საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულ თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთისადმი ევროკავშირის სტრატეგიასთან.