ევროპარლამენტმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის ფონდის შექმნას დაუჭირა მხარი

ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლების პერიოდისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს, კერძოდ, ე.წ. უკრაინის ფონდის შექმნას 50 მილიარდი ევროს მოცულობით. თუმცა კვლავაც არ არის ნათელი, განხორციელდება თუ არა ეს გეგმა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, კერძოდ, უნგრეთის პოზიციაზე.
ასეთი ფონდის შექმნის გეგმაზე ივნისში გამოაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საუბარია ფინანსურ რეზერვზე უკრაინაში სახელმწიფო ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამის მხარდასაჭერად. ფონდიდან იარაღის შეძენა არ მოხდება. ფონდი ნაწილობრივ დაფინანსდება გრანტებით, მაგრამ დიდი ნაწილი იქნება სესხები.
სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აპირებს კვლავ გამოათავისუფლოს უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები, რომლებიც დაბლოკილია ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის კონფლიქტის გამო. ამ გეგმის შესახებ კერძოდ Financial Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან. ევროკავშირი უნგრეთს კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლებიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დროს განხორციელდა. საპასუხოდ ორბანი სავარაუდოდ დათანხმდება ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ევროკავშირის ბიუჯეტის გაფართოების პროექტს და, შესაბამისად, უკრაინის ფონდის შექმნას.
ევროკავშირი, სავარაუდოდ, მზად არის აკრძალვა მოხსნას 13 მილიარდ ევროს უნგრეთისთვის განკუთვნილი მთლიანი ბლოკირებული თანხიდან, რომელიც 22 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის თანხები ე.წ სოლიდარობის ფონდიდან, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესებას.
ვიქტორ ორბანი კრემლის მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილ პოლიტიკოსად ითვლება ევროკავშირის ლიდერთა შორის. ის არაერთხელ გამოსულა უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს. უნგრეთი უკრაინას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას არ უწევს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა უკრაინას საბრძოლო მასალებით აღჭურვილი ATACMS რაკეტები მიაწოდოს, როგორც კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ გადაცემას დაამტკიცებს, – ამის შესახებ შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში დაგ ბუშმა განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ, როცა პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს”, – თქვა ბუშმა.
ცნობისთვის, ამერიკელი კანონმდებლები თვეების განმავლობაში მოუწოდებდნენ ბაიდენს, უკრაინაში ATACMS რაკეტები გაეგზავნა.
პენტაგონმა აშშ-ის კონგრესი გააფრთხილა, რომ მათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ.
მედიის ცნობით, ამის შესახებ კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა პალატისა და სენატის ლიდერებს განუცხადა, რომ იმ 25,9 მილიარდი დოლარიდან, რომელიც კონგრესმა გამოყო უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის აღსადგენად, ახლა 1,6 მილიარდი დოლარი დარჩა.
მაკკორდმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მთლიანად ამოწურა კიევის ის გრძელვადიანი დაფინანსება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თანხებს იარაღის სამომავლო მიწოდების ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დასძინა, რომ დამატებითი დაფინანსების გარეშე, აშშ იძულებული იქნება შეაჩეროს ან შეამციროს საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების და სპეციალური აღჭურვილობის მიწოდება, რომლებიც „კრიტიკული და გადაუდებელია ახლა, რადგან რუსეთი ზამთრის შეტევისთვის ემზადება“.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესში “რესპუბლიკელებს“ მოუწოდებს , “პირობა შეასრულონ” და უკრაინისთვის დახმარებას მხარი დაუჭირონ.
ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“სპიკერმა მაკკარტიმ და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა უმრავლესობამ დაპირება უნდა შეასრულოს და დახმარების გადაცემა უზრუნველყონ უკრაინისთვის, რომელიც თავს იცავს.
შეუცვლელი ერი ვართ მსოფლიოში – მოდით, შესაბამისად ვიმოქმედოთ”, – წერს ბაიდენი.
პოლონეთის შეიარაღების ჯგუფი (PGZ) აცხადებს, რომ უკრაინას გადასცეს გარემონტებული ტანკები Leopard-ი. ისინი პოლონეთის სამხრეთში, BUMAR-LABEDY-ს ქარხანაში გარემონტდა.
„სანამ სხვები მომავლის შესახებ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენ ვმოქმედებთ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით. პირველი Leopard-ის ტანკები, რომლებმაც სპეციალური მოდერნიზაცია გაიარეს BUMAR-LABEDY-ს ქარხანაში, უკრაინულმა მხარემ მიიღო. მუშაობა მომდევნო მანქანებზე გრძელდება“, – წერს PGZ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
კომპანია იტყობინება, რომ პოლონური მხარე უკვე ერთ წელზე მეტია, ფრონტის ხაზთან მძიმე ტექნიკას ემსახურება.
„ეს თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ჩვენი პრიორიტეტია ომში მყოფი ჯარისკაცებისთვის რეალური დახმარების გაწევა. […] ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ თანამშრომლობას საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მომარაგების სფეროში“, – წერს PGZ.
„ლეოპარდების“ სარემონტო ქარხანა პოლონეთში ივლისში ამოქმედდა და ის უკრაინის არმიას რუსეთთან ომში დაზიანებული ტანკების აღდგენაში ეხმარება.
გერმანული წარმოების ტანკებს, „ლეოპარდებს“, უკრაინა ფრონტზე ივნისის დასაწყისიდან იყენებს. ინტერნეტში გამოქვეყნდა დაზიანებული ტანკების ფოტოები და ვიდეოები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში განადგურებულ, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით უცხოურ სამხედრო ტექნიკაზე. უკრაინელი სამხედროები აღიარებენ, რომ რამდენიმე ტანკი „ლეოპარდი ” დაზიანდა, მაგრამ ზოგიერთი ექვემდებარება შეკეთებას. 23 ივლისს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებზე პუტინმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, 15-ზე მეტი „ლეოპარდი“ გაანადგურეს. მაგრამ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეებს არ გაუვრცელებიათ ცნობა ასეთი ბრძოლის შესახებ.
ვაშინგტონი უკრაინაში კორუფციის ფაქტებს გაცილებით მეტი შეშფოთებით უყურებს, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. ეს გამომდინარეობს აშშ-ის კონფიდენციალური სტრატეგიის დოკუმენტიდან, რომელიც გამოცემა Politico-ს რედაქციამ მოიპოვა.
აშშ-ის გრძელვადიანი გეგმის არაკლასიფიცირებული ვერსია ჩამოთვლის ვაშინგტონის მრავალრიცხოვან ნაბიჯებს, რომელთა მიზანია კიევის დახმარება კორუფციის დაძლევაში. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ძალაუფლების ზედა ეშელონებში არსებულმა კორუფციამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს საზოგადოებისა და უცხოელი ლიდერების ნდობას ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მიმართ.
ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის კონფიდენციალური ვერსია მოიცავს უფრო დეტალებს უკრაინაში აშშ-ის მიზნების შესახებ. იქ საუბარია ბანკების პრივატიზებაზე, სკოლების დახმარებაზე ინგლისური ენის სწავლებაში, რათა სამხედროები დაინტერესდნენ ნატოს პროტოკოლების ადაპტაციით. ბევრი მიზანი კონცენტრირებულია კორუფციის შეკავებაზე, რომელიც ქვეყანას აზიანებს.
დოკუმენტის საიდუმლო ვერსია გაცილებით მკვეთრია, ვიდრე 22-გვერდიანი ვერსია, რომელიც, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა და თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.
ის ფაქტი, რომ ყველაზე მკაცრი შეფასებები საიდუმლო ვერსიაში დარჩა, Politico-ს თანახმად, აჩვენებს იმ სიტუაციის უკიდურეს სერიოზულობას, რომელშიც ბაიდენის ადმინისტრაცია იმყოფება.
მაგრამ ამაზე ძალიან ხმამაღლა საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პოლიტიკოსთა პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს, ვისაც უკრაინის დახმარება არ სურთ. იგულისხმებიან, პირველ რიგში, კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ის წარმომადგენლები, რომელთაც სურთ ასეთი დახმარების დაბლოკვა. უკრაინისთვის ამერიკული დახმარების ნებისმიერმა შესუსტებამ, შესაძლოა, ევროპელებს საკუთარი როლის გადახედვისკენ უბიძგოთ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა კვირას, 1 ოქტომბერს, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან.
ამ ფონზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაინახა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინა აგრესიულ ზომებს ატარებდა კორუფციის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას მსგავსი მიდგომის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გუშინ, გვიან გახდა ასევე ცნობილი, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი” იმისა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს დაეხმარება იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.