ევროპარლამენტმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსი და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ
21 იანვარს ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ იმსჯელა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ. ძირითადი ევროპული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსი და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ.
დებატების დასაწყისში, ევროპარლამენტარებმა მოუსმინეს ევროკომისარს შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერს. „საქართველოს მზარდი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან საგანგაშოა”, – თქვა ბრუნერმა
მან „სრულიად მიუღებელი“ უწოდა „ძალადობასა და სიძულვილის ენას მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების გათავისუფლებას და მუქარებს სალომე ზურაბიშვილისადმი“.
ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ „ძალადობრივი დარბევების“ მიუხედავად, არცერთი სამართალდამცველის მიმართ არ დაწყებულა გამოძიება. მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.
მაგნუს ბრუნერი შეეხო ვადამდელი არჩევნების საკითხსაც და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განიხილოს ყველა გზა „საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად“, მათ შორის ხელახალი არჩევნების ჩათვლით.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ მსჯელობას გააგრძელებენ 27 იანვარს გასამართ ევროკავშირის საბჭოზე.
“შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია”
ბოლო პერიოდში ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ მიმართ ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საერთაშორისო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. გამონაკლისი არც 21 იანვრის დებატები ყოფილა. „ოცნების“ მიმართ შენიშვნები არ დაიშურა ევროპარლამენტის არცერთი ძირითადი ფრაქციის წარმომადგენელმა.
ყველაზე მსხვილი ჯგუფის, მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ლიეტუველმა რასა იუკნევიჩიანემ, თქვა, რომ „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არაა ლეგიტიმური ხელისუფალი“.
„ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია“, – განაცხადა იუკნევიჩიანემ, რომელიც წარსულში ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი იყო. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს.
სიდიდით მეორე ჯგუფის, სოციალ-დემოკრატების გერმანელმა წარმომადგენელმა, ტობიას კრემერმა, აღნიშნა, რომ „ევროპის კარი კვლავ ღიაა, თუმცა საამისოდ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა თავისივე ხალხის მიმართ“.
მან ხაზი გაუსვა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და თქვა, რომ ეს „არ ყოფილა იზოლირებული ინციდენტი“.
ტობიას კრემერის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
„ევროპელი კონსერვატორების“ ჯგუფის პოლონელმა წარმომადგენელმა, მალგორჟატა გოშიევსკამ, „გაყალბებული“ უწოდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მოითხოვა „ოლიგარქ ივანიშვილისა“ და მასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების სანქცირება.
ფრანგმა ლიბერალმა პოლიტიკოსმა, ემანუელ მაკრონის თანაპარტიელმა ნატალი ლუაზომ, „მოპარული“ უწოდა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და თქვა, რომ „არც პრეზიდენტი, არც მთავრობა და არც პარლამენტი ლეგიტიმური არ არის“.
მან პასიურობის გამო გააკრიტიკა ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები – კომისია და ევროპული საბჭო.
„კვლავ ველი იმავეს ნათლად გამეორებას თქვენგან, ბატონო კომისარო“, – მიმართა მან მაგნუს ბრუნერს და დასძინა, რომ ევროკავშირის საბჭომ „ვერ შეძლო სერიოზული სანქციების მიღება“.
ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული იყო ნიდერლანდელი რეინიერ ვან ლანსხოტიც, რომელიც მწვანეების ჯგუფს წარმოადგენს.
„რას იგრძნობდით [ქართველების ადგილას], ევროკავშირს რამდენიმეთვიანი დებატების მერე რომ გადაეწყვიტა, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ უფრო გაართულოს მჩაგვრელი რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის თვითმფრინავით მგზავრობა? ევროკომისია, რას ელოდები?“ – იკითხა ვან ლანსხოტმა და კომისიას მოუწოდა, „რეალური სანქციები აღასრულოს“.
„ოცნებას“ დამცველებიც ჰყავს
ევროპარლამენტართა უმრავლესობის კრიტიკის მიუხედავად, კანონმდებლების ნაწილი ნაკლებად მკაცრი იყო „ქართული ოცნების“ მიმართ და მათ ისრები პირიქით, ევროკავშირისკენ მიმართეს.
ფრანგმა პოლიტიკოსმა, ტიერი მარიანიმ, რომელიც წარსულში ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მარინ ლე პენის პარტიას წარმოადგენს, თქვა:
„ევროკავშირი თანამონაწილეა ქაოსში. [საქართველო] თავისუფალი ქვეყანაა“.
მარიანის თქმით, აქციებისას „ბევრი პოლიციელი დაშავდა“ და „საქართველო ბრიუსელის კოლონია არ იქნება“.
მსგავსი გზავნილი ჰქონდა გერმანელ პოლიტიკოს ტომას ფროელიხსაც, რომელიც წარმოადგენს ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
„ევროკავშირი მუდამ წუწუნებს უცხოურ ჩარევაზე, მაშინ, როცა უკვე თვეებია, თავად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“.
ფროელიხმა ევროკავშირი დაადანაშაულა „თბილისში სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში“ და დასძინა, რომ „ეს ყველაფერი ჰგავს ევრომაიდანს“.
„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას, ამპარტავანი ლექციების მაგივრად კი კარგი დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გვქონდეს“, – თქვა პოლიტიკოსმა, რომლის თანაპარტიელებმაც ოქტომბერში ბუნდესტაგში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გზებს განიხილავს.
„მნიშვნელოვანია, ქართველების უმრავლესობამ იცოდეს, რომ მათ შეუძლიათ, წინ აღუდგნენ აშშ-სა და ბრიუსელს“, – ეს უკვე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მხარდამჭერი ევროდეპუტატის, პეტარ ვოლგინის სიტყვები იყო.
დებატების დასასრულს, ევროპარლამენტარებს კვლავ ევროკომისარმა ბრუნერმა მიმართა.
თებერვალში ევროპარლამენტი კენჭს უყრის მორიგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.