მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განცხადებაზე

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განცხადებაზე საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას არსებითი რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტის რეკომენდაციის თანახმად, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია.

„იმისათვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და შეცვალოს იგი კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს.

ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე. უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებული იქნება რეალურ დროში, თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანის გზით,” – აღნიშნულია განცხადებაში.

რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 502-მა დეპუტატმა, 75 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის დეპუტატის, ტონინო პიცულას განცხადებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია.

მისივე განცხადებით, თითოეული ქვეყანა საკუთარი დამსახურების მიხედვით უნდა შეფასდეს.

“ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გაფართოვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე. ამიტომ, ჩვენი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები და საგარეო ფინანსური ინსტრუმენტები საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. თითოეული ქვეყანა უნდა შეფასდეს საკუთარი დამსახურებით. ევროკავშირმა უნდა გადალახოს გაფართოების ჩიხი, რაც უნდა მოხდეს გაწევრიანების პროცესის, როგორც პოლიტიკური მიზნის, ასევე მეთოდოლოგიის მოდერნიზაციით. ამისთვის კი გვჭირდება ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება პოლიტიკური ამოცანები, გატარდება საჭირო და დროული ინსტიტუციური რეფორმები,”- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ხორვატიიდან ტონინო პიცულა.

ჩვენი პოლიტიკური, მორალური ვალდებულებაა არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან მარინა კალიურანდმა განაცხადა.

​მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ახლა, რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გადარჩენის იმედი და გარანტიაა.

“გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი და წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში. ეს უფრო მეტად არის საჭირო დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრისთვის გახდა გადარჩენისა და დამოუკიდებლობის იმედი და გარანტია. ჩვენი პოლიტიკური, მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ,”- აცხადებს კალიურანდი.

ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გერმანიის მთავრობის მეთაურს თქმით, იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ამოცანას, რომ გეოპოლიტიკური ევროპა ბევრად უფრო ქმედუნარიანია.

„ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა. წლების განმავლობაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდა. ახლა, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ. სხვათა შორის, ევროპაზეა საუბარი: სწორედ ამ მთავრობამ ჩამოაყალიბა ხედვა ევროპის მომავლის შესახებ, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვები წლების განმავლობაში ელოდნენ. მე ვიზიარებ მიზანს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეოპოლიტიკური ევროპისა, რომელიც ბევრად უფრო ქმედუნარიანია. არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაჯდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ენერგეტიკისა და სავაჭრო პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებს, რამაც მიგვიყვანა ცალმხრივად დამოკიდებულებამდე რუსეთზე და კონკრეტულად ჩინეთზე. სწორედ ამიტომ, წლების უგულებელყოფის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამედროვე, ძლიერ ბუნდესვერს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოკავშირეები“, – თქვა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button