მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპარლამენტში დებატებსა და ევროდეპუტატების განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოთქმული შენიშვნები იყო პირობები კანდიდატის სტატუსზე და “ქართულმა ოცნებამ” პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ გზავნილზე, რაც გაჟღერდა.
ევროპარლამენტში გუშინ ნათლად გამჟღავნდა, რომ “ქართული ოცნება” არის მატყუარა ხალხის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უსირცხვილოდ ატყუებს ქართველ ხალხს – 700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ “ქართული ოცნება” რაიმე პოზიტიურს აკეთებს,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა მდინარაძის განცხადებას, რომ აპრილში მიღებულ რეზოლუციაში მედიაგარემო კრიტიკულად შეფასებული არაა და აღნიშნა, რომ “ბატონ მდინარაძეს და სხვებს ალბათ გამოეპარათ, რომ სწორედ აპრილის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინათ ნიკა გვარამია”.

“იმ ხალხმა, ვისაც “ქართული ოცნება” სისტემატიურად ლანძღავს, გააკეთა ნათელი გზავნილი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. “ქართული ოცნებისთვის” კრიტიკა არ დაიშურა არავინ, მათ შორის მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა. მსგავსი დებატები არ მახსენდება, როცა ხელისუფლებას არ ჰყავს არც ერთი დამცველი ევროპარლამენტში. დღეს მთავარი დაბრკოლება არის სწორედ ეს ხელისუფლება,”- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ ნათელი გახდა, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში შევიდა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა.

“ჩვენ მოვისმინეთ, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობას მიაჩნია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება აუცილებელი. აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, ჩაიწეროს თუ არა სანქციების მოთხოვნა დღეს მისაღებ რეზოლუციაში. ამიტომ დღეს თუ არ ჩაიწერება, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას,”- განაცხადა სამადაშვილმა

“ვერ ვიხილეთ “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურად განწყობილი ვერცერთი ევროპარლამენტარი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებას დარჩენილი აქვს 2 კვირაზე ცოტა მეტი და ეს პერიოდი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ მოკლან”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა „ქართულმა ოცნებამ” თავის პარტნიორ „სოციალ- დემოკრატების” ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! ძალიან მარტივი მიზეზის გამო – რასაც საუბრობენ, ლობისტების მუშაობის შედეგი კი არ არის, რეალობაა,- ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატაა მანჯგალაძე ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე “ქართული ოცნების” პოზიციას, რომ ეს ოპოზიციის მუშაობის შედეგია.

მანჯგალაძე იმედს გამოთქვამს, რომ “ვიღაც გამოჩნდება გონიერი “ქართულ ოცნებაში” და ამ კრიტიკას უპასუხებს არა ლანძღვა- გინებით, არამედ შემხვედრი ნაბიჯებით”.

“ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანი. იმედი მაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას გაიზიარებს “ქართული ოცნება” და ამას არ მოჰყვება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვა- გინების კამპანია.

კრიტიკასთან ერთად საუბარია იმაზე, რომ მაინც უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას და “ქართულ ოცნებას” არ უნდა გადავაყოლოთ საქართველო. თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა თავის პარტნიორ “სოციალ – დემოკრატების” ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ეს ლობისტების მუშაობის შედეგი კი არ არის, რასაც საუბრობენ, ეს არის რეალობა, ნიკა გვარამია დაკავებული პოლიტიკური მოტივით და 5 ივლისს ხელისუფლების წაქეზებით არბევდნენ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტარების განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროდეპუტატების შეფასებებს არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოში არსებულ რეალობასთან, იქნება ეს მედია თუ მართლმსაჯულება.

უკვე მერამდენედ გვიწევს ერთი და იგივე მოვლენის ყურება და მოსმენა. ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოში არსებულ რეალობასთან, იქნება ეს მედია თუ მართლმსაჯულება.

ამიტომ ჩნდება აღქმა, რომ ამ დებატების გამართვის ერთადერთი მიზანი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო.

როდესაც სერიოზული სახეებით აცხადებენ, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება იზღუდება, მაშინ როდესაც შეუზღუდავად მუშაობს ოპოზიციის მომსახურე მინიმუმ 4 ტელეარხი, ან რეალობის დანახვის სურვილი არ გაქვს, ან ქვეყანაში სიტუაციის აყირავება გინდა. ყასიდი განცხადებები მეგობრობაზე, კი უკვე ძალიან გახუნდა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ევროპარლამენტარების განცხადებები დღეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შენიშვნების უმრავლესობა უარგუმენტო, უსამართლო იყო და მმართველი გუნდი მზადაა ეს დეტალურად განიხილოს.

“სიმართლე არის ჩვენს მხარეს – არც ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, რეზოლუციის აგება ამაზე და ტოლობის ნიშნების დასმა ჩვენი მოქალქეებისთვის გაუგებარია.

წლების განმავლობაში გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, გურამ მაჭარაშვილს აქვს მოლოდინი, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში.

ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნის ლობირება მაინცდამაინც ახლა მოხდა, როდესაც ამ ქვეყნისათვის ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო და საქართველოზე ეს შეტევა მაინცდამაინც ახლა წამოვიდა, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებისა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე გუშინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ერთი თვის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი კრიტიკული წინადადება იყო გამოთქმული, სადაც ეწერა, რომ შეშფოთება არის გამოთქმული პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით და ამ პერიოდის შემდეგ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების საკითხის გამო არ შეიძლება ევროპამ დამოკიდებულება იმგვარად შეცვალოს, რომ „ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო და ერთი თვის თავზე ყველაფერი ცუდად არის“.

„შემთხვევით არ მომიტანია ეს ფურცელი თქვენთან. ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია სულ რაღაც ერთი თვის წინანდელი, სადაც საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი მოვალეობების და ვალდებულებების შესრულებაზე. ამ რეზოლუციის მე-14 პარაგრაფში ეწერა, რომ „გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ზოგადად, საქართველოში კარგად არის დაცული. ასამბლეა მიესალმება მიღწეულ პროგრესს მედიაგარემოს გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით მედიაბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მრავალფეროვანი მედიაგარემოსათვის“. ერთი კრიტიკული წინადადებაა მხოლოდ, სადაც ეწერა, რომ „შეშფოთება არის გამოთქმული მხოლოდ პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით“.

ამ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება, რა მოხდა ისეთი, რომელმაც რაღაცა არმაგედონის ფონი შექმნა, რატომ დასჭირდა იმგვარად, რომ თითქოს ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი ჩამოიქცა.

ნიკა გვარამიას დაკავებამ, რომელზეც 1-კვირიანი „ფეიკ“ კამპანია აწარმოეთ, დაღუპეთ ის ადამიანი თქვენი მომხრეების თვალშიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ერთი კვირის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, თითქოს ეს ადამიანი დაკავებული იყო სამსახურებრივი ავტომანქანის ფლობისათვის, როდესაც ის მანქანა საერთოდ არ იყო სამსახურებრივი და „რუსთავი 2“-ის ბალანსზე არ აღმოჩნდა ბოლოს, ამ „ფეიკისათვის“ არ შეიძლება ევროპამ მთლიანად და კიდევ 19-მა სახელმწიფომ, დამოკიდებულება იმგვარად შეცვალოს, რომ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო და ერთი თვის თავზე ყველაფერი ცუდად არის. წარმოუდგენელია. ამ „ფეიკ“ კამპანიაში სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში იღებენ თქვენი პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობას, არამედ 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი აღმოჩნდა, რომელმაც ეს პოზიცია გაიზიარა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, თუ რა შეიცვალა ერთი თვის თავზე, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხელოვნური ბარიერები შეექმნას.

მდინარაძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან პასუხს ელის, მსგავს საკითხებზე ასეთი ტიპის დებატები შემაფერხებელი და დაბრკოლების შემქმნელია.

მისივე თქმით, ამ დაბრკოლებებს ქვეყნის გარედან „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები და „დავალების მიმცემი პირები“ ქმნიან.

„შეუძლებელია, ერთი ადამიანის დაკავება დამოკიდებულებას ამგვარად ცვლიდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მის დანაშაულობა-უდანაშაულობაზე არავინ საუბრობს. მხოლოდ საუბრობენ იმ „ფეიკებზე“, რაც თვითონ მოიგონეს, თითქოს ის ავტომანქანის ფლობის გამო არის დაკავებული და ა.შ. სინამდვილეში, შეიცვალა ერთადერთი რამ – გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს ხელოვნური ბარიერები შეექმნას, იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით, როდესაც ეს ყველამ იცოდა, „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში, მათმა ლობისტებმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დავალებების მიმცემებმა, რომლებმაც ჩვენზე კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ დროს, განსაკუთრებით ამ კონტექსტში, არის შემაფერხებელი, დაბრკოლების შემქმნელი და პირდაპირ დავარქვათ, მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ჰქვია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ რომ ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათი გამოსწორებისკენ მოუწოდეს. მომზადებულია შესაბამისი რეზოლუციაც, რომელსაც დღეს, კენჭი ეყრება. დებატების მიმდინარეობისას, ევროპარლამენატრებმა ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპეტქივაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button