მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტში ივანიშვილის დასანქცირებაზე ისევ ალაპარაკდნენ

ევროპარლამენტში ივანიშვილის დასანქცირებაზე ისევ ალაპარაკდნენ. წინადადება ამჯერად ევროპის სახალხო პარტიის წევრს, მიხაელ გალერს ეკუთვნის. გერმანელმა ევროპარლამენტარმა საფრანგეთს ბიძინა ივანიშვილის, როგორც საფრანგეთის მოქალაქის მიმართ, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევრო ბიუროკრატები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სწორედ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ.
ევროპარლამენტარების მიდგომა მოსწონს და წინადადებას უერთდება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ საფრანგეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს.
ის, რაც ოპოზიციისთვის სამართლებრივი მიდგომაა, პოლიტიკური მოროდიორობაა სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შანტაჟი გრძელდება და მიხაელ გალერი, რომელიც აქამდეც მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩეოდა, ისევ “დიფ სთეითის “ინტერესებით მოქმედებს.
მიხაელ გალერმა განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილებოდა.

მიხაელ გალერის განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. გერმანელმა ევროპარლამენტარმა ბიძინა ივანიშვილის, როგორც საფრანგეთის მოქალაქის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ოპოზიცია მიხაილ გალერის მოსაზრებებს იზიარებს.

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ. ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს საჯარო მოხელეებს: დაფიქრდნენ და „გაეცალონ” ბიძინა ივანიშვილს “სანამ დროა“.
„როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?!
ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს.
ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა – გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით, როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით.
დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება! დრო ძალიან ცოტა დარჩა!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან სანიკიძე იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება საფრანგეთში მისი არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება.
“როგორც ვიცი, მისი ოჯახის წევრების რაღაც ნაწილი საფრანგეთში ცხოვრობს და ის გარკვეულ ქონებასაც ფლობს იქ. ამ ვითარებაში, ფრანგული მხარის მიერ ასეთი კრიტიკული განცხადების გაკეთება მისთვის არის ბუნებრივად ძალიან დამაზიანებელი. ჩვენ მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება საფრანგეთში მისი არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება,” – აცხადებს ლევან სანიკიძე.

შეფასება გააკეთა პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
“მნიშვნელოვანია განცხადება, რა თქმა უნდა, და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპული ქვეყნები ადეკვატურად აფასებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით სანქციებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ,” – აცხადებს ტატა ახვლედიანი.

კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას – კომუნიზმს და ფაშიზმს, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

მისი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, კონკრეტულად, მიხაელ გალერი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს.

„ერთადერთი, მე რატომაც გამოვეხმაურე იყო ის, რომ ხანდახან არის ხოლმე საუბარი, რომ საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო და ყველას შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას – კომუნიზმს და ფაშიზმს. ასე რომ, დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდებათ თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს შეიძლება ქონება ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ევროკავშირში ძალიან მოიდგა ფეხი. მათ შორის, იმის წყალობით, რომ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია. საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკურ ელიტებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელიც, როგორც ჩანს, ვირუსივით შეესია, გადაედო ზოგიერთს ევროკავშირში და გავლენას ახდენს მათ განცხადებებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან PACE-ს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ევროპის სხვადასხვა ქვეყანას საბჭოთა სტილის ქცევა ვირუსივით შეეყარა“.

„ჩვენ დღეს დელეგაციით არ ვართ წარმოდგენილი PACE-ში. რა თქმა უნდა, მანამ, სანამ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება, რთულია ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. ჩვენ PACE-ში ვხედავთ იგივე ადამიანებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, იგივე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც ყვირიან და არ საუბრობენ. ეს არის საბჭოთა სტილის ქცევა, რომელიც ვირუსივით შეეყარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და სულ უფრო მეტად ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის მიერ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომლის თქმითაც “თუ არ მეშლება, ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული.”

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, გალერის განცხადება არის პოლიტიკური კანიბალიზმი და მაროდიორობა, რომლის უკანაც “დიფ სთეითი” დგას.

“ეს არის პოლიტიკური კანიბალიზმი და მაროდიორობა, რომლის უკანაც „დიფ სთეითი“ დგას. ბატონი გალერი რომ არის დიფ სთეითის სპიკერი, ეს უკვე მათი ძალიან სერიოზული ტრაგედია არის, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ჩანს ამ ადამიანებს ძალიან მოხვდათ ის, რომ საბჭოთა კავშირს შევადარეთ და ეს სიმართლეც არის, ვინაიდან მათი მენტალიტეტი არ ცდება საბჭოთა მენტალიტეტს და ისინი როგორც ჩანს ჩეკისტების სახელმძღვანელოებით მოქმედებენ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ზუსტად 9 აპრილს დამარცხდა საქართველოში და „დიფ სთეითიც“ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არის დამარცხებული,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაილ გალერის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

“მსგავსი ტიპის განცხადებაზე ლოიალურები უნდა ვიყოთ? ბატონმა განცხადება გააკეთა და ჩვენ თავი დავუხაროთ? ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა კი, საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს და უმცირესობაში მყოფებმა აზრი უნდა შეიცვალონ და იამაყონ იმით, რომ ქართველები ვართ, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ჩვენი სამშობლოა. სანამ ამას არ გაითავისებენ, რომ ქვეყანასა და მის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, იქამდე ექნებათ მსგავსი დამოკიდებულება.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს – ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ. ჩვენ არ ვნერვიულობთ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button