მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის კომიტეტის მუშაობაში ჩაერთვება

პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის კომიტეტის მუშაობაში ჩაერთვება 3 თებერვალს პარლამენტს, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, სვენ მიქსერი ეწვევა.

ის ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ კი ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება.

პარლამენტში მასთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც იმყოფება.

ოპოზიცია მიქსერთან, პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოსთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხსა და დემოკრატიული რეფორმების უკუსვლაზე ისაუბრებს.
სვენ მიქსერის საქართველოში ვიზიტზე საუბრობენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეტაპობრივად საქართველოსა და ევროპის პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი კონკრეტული საგარეო კურსი აქვს და ამ ფონზე ევროპარლამენტარების ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

“ევროპარლამენტარების ვიზიტები მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას აქვს თავისი დღის წესრიგი, ეს დღის წესრიგი არის ევროკავშირთან ასოცირებით განპირობებული. ჩვენი საგარეო ორიენტირები მკაფიოდ გვაქვს გამოხატული და კონსტიტუციით დაფიქსირებული, შესაბამისად ყველა ვიზიტი და სამუშაო პროცესი, რომელიც ამას ემსახურება არის მისასალმებელი ,”– აცხადებს ბექა დავითულიანი.

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც “რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელმა და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ოპოზიცია სვენ მიქსერთან ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პრობლემებზე ისაუბრებს.

“სვენ მიქსერთან ვისაუბრებთ “ქართული ოცნების” მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე მუდმივ თავდასხმებზე, ჩვენ გვაქვს ამის ძალიან მძიმე მაგალითი, როცა ყველანაირი დისკუსიის გარეშე გააუქმა “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე საგარეო საკითხებზე და ბოლო დღეებში “ქართული ოცნების” მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, თანამშრომლობის იგნორირებაზე, რაზეც ჰქონდა “ქართულ ოცნებას” აღებული პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტით, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ჰორიზონტზე არ ჩანს “ქართული ოცნების” დამსახურებით”, – განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, დღეს სვენ მიქსერი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ კი, სვენ მიქსერს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. კომიტეტის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტარი, სავარაუდოდ, მედიისთვისაც გააკეთებს კომენტარს.

მიქსერი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში უკვე მეორე დღეა მართავს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ეროვნული თანხმობის პროცესი იყო.
ვიზიტის ბოლოს სვენ მიქსერი საქართველოზე სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button