მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი

ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციები შეაფასა.

მისივე თქმით, ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ გახდება.

„როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიღება გულდასაწყვეტია, მაგრამ დასძინა, რომ საქართველოს უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. მისივე თქმით, 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა უკვე დაკარგული აქვს.
ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირმა არსებული სირთულეების ფონზე, მოლდოვის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც კი დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად, მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

მან ასევე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შემუშავებული პოზიტიური დასკვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრად უფრო წინაა გატარებული რეფორმებით, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა დღეს.

“ამ მიმართულებით, სამწუხაროდ შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს უკრაინას; ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემების ის პირველ ადგილზეა. მას სჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა, გარკვეული წახალისება და ევროპამ მასთან მიმართებით ეს სწორი ნაბიჯი გადადგა, ასევე მძიმე მდგომარეობაშია (არა ამდაგვარად) მოლდოვა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია მეგობარი უკრაინიდან. 2.5 მილიონიან ქვეყანაში. იქაც პრობლემები ბევრია, მეტი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და რა თქმა უნდა მასაც სჭირდებოდა გარკვეული წახალისება.

მესამე ქვეყანა ესაა საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და გარკვეული დათქმები ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ოღონდ ის დათქმები იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენც გვაქვს და ამ თანაბარი დათქმების პირობებში გადაგვივადეს კანდიდატის სტატუსი მონიჭება, თუმცა ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი, ამიტომ პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა. საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა დღეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსის მიღების რეკომენდაცია, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭათ, პირველი შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა ცვლილებების დროა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსთვის კარი საბოლოოდ არ დახურულიყო და ქვეყანას ევროპული პერსპექტივა შეენარჩუნებინა. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა ერთიანობა და ევროინტეგრაციისადმი ერთგულება აჩვენონ და ამ მიზნით ის მოქალაქეებს 20 ივნისის აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს:

“დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი, ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის. დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, რომ სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ამის შემდგომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შედეგს სამწუხაროს უწოდებს”გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და ევროკომისიისგან დასახული პირობის შესრულება, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, ჯერჯერობით შეუძლებლად მიაჩნია, რადგან მისი თქმით, ამ მიმართულებით ნაბიჯებიც კი არ იდგმება.

“დღევანდელი დღის გადმოსახედიდან, ევროინტეგრაციის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი ხდება”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა საკითხი ასე დგას, „ივანიშვილი ან ევროპა“.

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, თავისუფლება არის შესაძლებლობა საქართველო გახდეს უკეთესი სახელმწიფო.

„როდესაც ამას გართმევს ოლიგარქი, დაგცინის გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და შენც ევროპელებიც და ამერიკელებიც თქვენ ყველანი იტყუებით და ბიძინა ივანიშვილი არის მაგარი კაცი, ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა და დააფასეთ, როდესაც ასეთი მდაბიო კომენტარები კეთდება ამით უნდათ ფონს გავიდნენ, ეს არ გაუვათ. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში, მაშინ სჭირდება შესაბამისი მოქმედება და ეს მოქმედება იქნება. ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული.

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ მოგვიკაკუნეთ კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ვართ მზად და მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები. ეს ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, რაც მოიცავს ყველაფერს, არ არის მედიათავისუფლება, არის პოლიტიკური დევნა, არ არსებობს ჯანსაღი ეკონომიკა, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში წყდება ერთ დღეში იცვლება, თორემ ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს. ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული დემოკრატიული რეფორები, რატომ? რეფორმებს თუ გაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, ოლიგარქი ფიქრობს, მე როგორ შევინარჩუნებ მართვის სადავეებს? ამიტომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე, ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს. ამიტომ არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი“, – განაცხადა მელიამ.

ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაცია მძიმე მოსასმენი იყო. მისივე თქმით, ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

ამასთან, როგორც ხაზარაძე ამბობს, დაელოდებიან საბოლოო დასკვნას და თუ შედეგი იგივე იქნება, მაშინ მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button