ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი გაიხსნა [Video/Photo]
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ცერემონიალის შესავალი ნაწილი მუსიკალური ბენდებისა და დრამერების შესრულებით, მხატვრული კი არგონავტების მითით გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ექსპოზიციები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „სუხიშვილები“, ირმა ნიორაძე და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. საქართველოს ჰიმნი ცნობილმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. ამის შემდეგ, ფესტივალში მონაწილე სპორტმენების აღლუმი მოეწყო, რომელიც ტრადიციულად საბერძნეთის დელეგაციამ გახსნა. ათლეტთა აღლუმი კი მასპინძელი ქვეყნის – საქართველოს დელეგაციამ დაასრულა.
აღლუმის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისი 2015-ის თავჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელმა პატრიკ ჰიკიმ მიმართეს.
სტადიონზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა მრავალგზის ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა ნონა გაფრინდაშვილმა, ლევან თედიაშვილმა, ვახტანგ ბლაგიძემ, ვაჟა კაჭარავამ, რომან რურუამ და რაფაელ ჩიმიშკიანმა შემოიტანეს.
დროშის აღმართვის შემდეგ, ათლეტების სახელით ფიცი ხელბურთელმა გიგა ზარნაძემ, მწვრთნელების სახელით დავით კვერნაძემ, ხოლო მსაჯების სახელით კი ყოფილმა ტანმოვარჯიშემ რუსუდან სიხარულიძემ დადეს.
ოლიმპიური ცეცხლი თავისუფლების მოედნიდან მიიტანეს მეჩირაღდნეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მთავრობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რის შემდეგაც, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უკვე მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი უნდა ანთებულიყო, თუმცა, ფიალაზე ცეცხლი არ აინთო.
ის, რაც პირდაპირ ეთერში არ მოხვდა: ზურაბ ზვიადაურის მცდელობა, აენთო ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, ფესტიავლის გახსნის ორგანიზატორები წერენ, რომ ეს წინასწარ გათვლილი ეფექტი იყო.
სცენარის მიხედვით, ზვიადაურს სწორედაც რომ უნდა ჩაექრო ჩირაღდანი, რათა ცეცხლი სტადიონზე “დაკარგულიყო”, ხოლო შემდეგ ანთებულიყო კუს ტბაზე, რაც მოხდა კიდეც – ასე იყო სცენარით გათვალიწინებული, თუმცა, პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის წამყვანს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, რეჟისორის მოქმედებამ კი, რომელმაც კადრი შეცვალა და შორ ხედზე გადავიდა, გააძლიერა აღქმა, რომ ზვიადაურმა ცეცხლის ანთება ვერ შეძლო. იგივე აღქმა გაჩნდა სტადიონზეც.
27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის ცხრა სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 49 (კოსოვოს გარეშე) ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრებებზე მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13720″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]