უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელი სხდომა

მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც heretifm.com-ზე ჯერ არ ასახულა.
“ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.
შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ.
ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.
საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.