ევროპის კარი იხურება იმ ქართველების ხელით, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-რასა იუკნევიჩიანე
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები არ წყდება ბრიუსელიდან. ევროპარლამენტარები ეხმაურებიან ევროკომისიის განცხადებას, რომ ვერ გასცემენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციას იქამდე, ვიდრე ქვეყანა კურსს არ შეიცვლის, არ დაუბრუნდება პროევროპულ გზას და უკან არ გაიწვევს ე.წ უცხოეთის აგენტების, ასევე ოჯახური ღირებულებების კანონებს და არ გამოიძიებს საარჩევნო დარღვევებს.
ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. მათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა.
როგორც “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების ფონზე, მისთვის ნათელია, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი, რომელზეც აქამდე გამუდმებით ისმოდა, რომ ქართველებისთვის ღია იყო, ახლა იხურება.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა ვარიანტის განსახილველად არის მზად.
„დიახ, [ევროპის] კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. მათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, მაგრამ, პირველ რიგში, მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა, თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა საშინელება – ძალის გამოყენებით ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა.
ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, დაწყებული მათგან, ვინც კანონი დაარღვია, არ ჩაატარა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, რადგან ხალხს არჩევნები მოჰპარეს. რა თქმა უნდა, წინ რთული პერიოდია და ვიქრობ, ჩვენ ევროპარლამენტში ვიქნებით ძალიან მტკიცე, ძლიერი და მკაფიო [საქართველოსთან მიმართებაში]“, – აღნიშნა იუკნევიჩიენემ.
როგორც მან აღნიშნა, ახლა საქართველოში საჭიროა ევროპული ლიდერობა.
„საქართველოს სჭირდება მტკიცე ლიდერშიფი ევროპული მხრიდან. არ ვამბობ ოპოზიციის მხრიდან, რადგან ის ადამიანები, ვინც ახლა ოპოზიციად მოიაზრებიან, იქნებიან ეს პოლიტიკოსები, არასამთავრობოები თუ ახალგაზრდები, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ასე რომ, ასეთი ევროპული ლიდერობა საჭიროა და მე ყოველთვის ველოდებოდი, რომ პრეზიდენტი ამ როლს თავის თავზე აიღებდა“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
რაც შეეხება არჩევნებზე რუსეთის სავარაუდო გავლენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რასა იუკნევიჩიენე პასუხობს:
„პირველივე დღიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოიგო არჩევნები [2013] წელს, ეს [რუსული] ოპერაცია დაიწყო. ჩემთვის გაცილებით ნათელი გახდა ეს მათი [ქართული ოცნების] მეორე ვადის დროს. ბიძინა ივანიშვილი ერთხელაც არ ჩამოსულა ბრიუსელში ან ნებისმიერ სხვა დედაქალაქში, რათა ქვეყნის პროევროპული მომავლისთვის ეზრუნა. მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა რაც შეიძლება მეტი მეგობარი ჰყოლოდათ ევროპაში, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველეყოთ. პირიქით, ისინი ბრალდებებს ავრცელებდნენ და თავს ესხმოდნენ საქართველოს ყველა მეგობარს“