მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპის მოედანზე ათობით ათასი დემონსტრანტი მივიდა

ორშაბათს "ოცნებამ" რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა

შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი შეიკრიბა თბილისში, რიყეზე, ევროპის მოედანზე, „ქართული ოცნების“ ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.

დემონსტრანტებმა სამი ადგილიდან – რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და 300 არაგველის მეტროდან – დაიწყეს მსვლელობა დევიზით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც მანამდე დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიასთან“ იყვნენ შეკრებილები, შეუერთდნენ მარჯანიშვილის გამზირზე შეკრებილებს.

დემონსტრანტების სამი ტალღა ევროპის მოედანზე შეუერთდა ერთმანეთს.

მოქალაქეების ჯგუფები კვლავ უერთდებიან აქციას.

დღევანდელი დემონსტრაცია აქციების ერთ-ერთმა სპიკერმა, ლევან ცუცქირიძემ გახსნა.

მის შემდეგ სცენარე გამოვიდა მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე, რომელმაც მუსიკალური ნორმის შესრულების შემდეგ, ასევე მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

მსვლელობა-დემონსტრაცია ერთი მხრივ, უკავშირდება ევროპის დღეს და მას მედიაში „ევროპის მარშსაც“ უწოდებენ. ამავე დროს, იგი გაგრძელებაა ბოლო კვირების განმავლობაში დაწყებული საპროტესტო აქციებისა „უცხოეთის აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.

ევროპული მარშის მონაწილეები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიძრნენ, უკვე ადგილზე იმყოფებიან. როგორც აქციის წამყვანმა, ლაშა ბუღაძემ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა, ხვალ საღამოს 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ, ვინაიდან ორშაბათს, დილის 9 საათიდან, “ოცნებამ” რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა:

“დღევანდელი ჩვენი ზეიმი ცხადია გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებულობასაც. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ და გავათენოთ საქართველოსთვის. რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 10 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის.” აღნიშნა ბუღაძემ.

2024 წლის 3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.

გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.

თბილისში, ევროპის მოედანზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის მონაწილეები არიან შეკრებილი, ამ დროისთვის კონცერტი იმართება. სცენაზე მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე იმყოფება, იგეგმება ნინო ქათამაძის გამოსვლაც.

ამასთან, ევროპის მოედანზე შეკრებილებს კონცერტის დაწყებამდე სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ. მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე, პრობლემა და ხარვეზია, მაინც პრავალპარტიული დემოკრატია ჯობია ერთპარტიულ მმართველობას, ქუჩაში დგომა ჯობია მხარ-თეძოზე წამოგორებულ ყოფნას“.

„ეს მთელმა საქართველომ იცის. ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ ჩვენი თავის იმედი. არასდროს აღარ უნდა მივანდოთ ვიღაც არჩეულ თუ დანიშნულ ხელისუფლებას ძალაუფლება და ველოდოთ, იმის იმედი გვქონდეს, რომ უბრალოდ კეთილია და კარგად მოიქცევა. ჩვენ თვითონ ყველანი უნდა გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები, რადგან სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიას სჭირდება ნამდვილი მოქალაქეები, დღეს ათეულობით ათასი ასეთი მოქალაქე დგას აქ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს. უნდა იპოვონ ერთმანეთისკენ სავალი გზები, უნდა იპოვონ ერთმანეთთან კომპრომისები. პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ გვჭირდება დემოკრატი პოლიტიკოსები, რადგან დემოკრატიას, პირველ ყოვლისა, დემოკრატები სჭირდება. სხვანაირად არ გამოვა ეს საქმე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

კონცერტის დაწყებამდე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button