![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/avstria.jpg)
ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მუშაობას განაახლებს COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად 16 მარტიდან დაწესებული კარანტინის გამო დაკეტილი მაღაზების ნაწილი. როგორც DW წერს, 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მაღაზიებსა და სამშენებლო და მებაღეობისთვის საჭირო პროდუქციით მოვაჭრე ობიექტებში მყიდველებს მხოლოდ პირბადით და შეზღუდული რაოდენობით შეუშვებენ და დისტანციის დაცვას მოთხოვენ.
კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ავსტრიას სურს, ეკონომიკური თვალსაზრისით, კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად დაძლიოს. ავსტრიის მთავრობა 1 მაისიდან აპირებს დანარჩენი მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების და სილამაზის სალონების გახსნას, ხოლო მაისის შუა რიცხვებიდან, – რესტორნების და სასტუმროების ამოქმედებას. მაისის შუა რიცხვებამდე დახურულია სასწავლო დაწესებულებები.
ავსტრიაში COVID-19-ით უკვე დაავადდა 14 000-ზე მეტი ადამიანი და 360-ზე მეტი გარდაიცვალა.
ზომები შეარბილა კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფმა ესპანეთმაც. 13 აპრილიდან მუშაობა განაახლეს სამშენებლო კომპანიებმა და ცალკეულმა საწარმოებმა.
ესპანეთში COVID-19-ით უკვე დაავადდა 170 000-ზე მეტი ადამიანი და 17 700-ზე მეტი გარდაიცვალა.
კარანტინის ზომებს არბილებს დანიაც, სადაც 15 აპრილიდან გაიხსნება დაკეტილი საბავშვო ბაღები და სკოლები. დანიაში კორონავირუსით დაინფიცირდა 6 000-ზე მეტი ადამიანი და 280-ზე მეტი გარდაიცვალა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევაა, რომ კორონავირუსით დაზარალებულმა ქვეყნებმა კარანტინის შემსუბუქება არ იჩქარონ.