იტალია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.
„ნეტა შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან… მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს“, – აღნიშნა კონტემ.
ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსის 181 228 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ვირუსს ყველაზე მეტი, 24 114 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ გუშინ იტალიაში ბოლო თვის მანძილზე ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გერმანიაში კორონავირუსის გამო შეჩერებული საფეხბურთო სეზონი, სავარაუდოდ, 9 მაისს გაგრძელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის, განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკები შემცირებულია და ჩემპიონატის განახლებაც შეიძლება, ოღონდ, მაყურებლების გარეშე.
22 აპრილს გერმანიის საფეხბურთო ლიგის დირექტორი კრისტიან ზაიფერი კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ბუნდესლიგის თამაშები 9 მაისს განახლდება და გერმანიის ჩემპიონატი ივნისის ბოლოს დასრულდება.
ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 147 065 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში კორონავირუსით, 4 862 ადამიანი გარდაიცვალა.