მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი 7.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. დაზუსტებული მაჩვენებლები, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, ქვეყანა ახალი პარამეტრებით, ლიდერობას ისევ ინარჩუნებს. პირველ კვარტალში ზრდა 7.7 პროცენტია, რაც მონაცემების დაზუსტებამდე გამოქვეყნებულ ციფრებს აჭარბებს.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ მაჩვენებლების ზრდის დინამიკა განსაკუთრებულია იმ ფონზე, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ესტონეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში, ეკონომიკური კლება ფიქსირდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო პირველ კვარტალში, ყველაზე მაღალი მონაცემებით გამოირჩევა.

დასაქმებულთა ანაზღაურებაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც. ამბობენ, რომ ეკონომიკური აქტივობა, როგორც დასაქმების, ასევე საშუალო ხელფასის ზრდაზეც აისახა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკის რეალურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის, კომუნიკაციისა და მშენებლობის სექტორებმა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, აქტიური პერიოდი საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს.

“საქსტატმა” დღეს პირველი კვარტლის დაზუსტებული მონაცემები გაასაჯაროვა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას, თვეში ერთხელ აქვეყნებს.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 502.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 49.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9 პროცენტით შემცირდა და 1 232.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 219.3 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 176.2 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 152.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 310.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 86.5 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 360.0 მლნ. აშშ დოლარით სომხეთი იკავებს; მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 336.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 281.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 021.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 778.6 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 589.7 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 795.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 31.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 315.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.5 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button