მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17-21 დეკემბერს იმართება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.
მანამდე, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამ დილით თავდაპირველად შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველოდები აზრების გაცვლას საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – დაწერა ალენ ბერსემ.

შეხვედრის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ,საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მანამდე ბერსე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერ -მინისტრ ირაკლი კობახიძეს დპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ომბუდსმენ ლევან იოსელიანს.

ბერსე ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს შეხვედრას.

ბიძინა ივანიშვილი გასულ კვირაში ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები.

ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას – თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას. საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. საპოლიციო ძალებმა სპეცსაშუალებების გამოყენებით აქციები არაერთხელ დაშალეს და 400-ზე მეტი პირი დააკავეს.

შსს-ს თანახმად, ძალა და სპეცსაშუალებები დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. თუმცა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა განხორციელდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც. დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელიც.

21 დღიანი პროტესტის ფონზე, საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დელეგაცია ევროსაბჭოდან დაახლოებით 11 საათზე მივიდა. გენერალურ მდივანს – ალენ ბერსეს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე პირადად დახვდა და მასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველო-ევროსაბჭოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხიც მიმოიხილა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 28 ნოემბერს მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ალენ ბერსესთან, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც განიხილა. კანცელარიაში შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა, მთავრობის მეთაურის გარდა, მას საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მიმდინარე საპროტესტო აქციებს. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობის როლზეც გაამახვილა, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს “ქართული ოცნება”, რომლის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ალენ ბერსე პირადად შეხვდა. სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს, რომ ამ ვიზიტით და შეხვედრებით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები დასრულდა.

განსხვავებულად უყურებს ვიზიტს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – არ გამწვავდეს პოლიტიკური კრიზისი.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციის მსგავსი განცხადებები, სწორედ ამ ვიზიტმა უნდა დაასრულოს. გარდა ამისა, როგორც სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, საქმიანი კომუნიკაცია პარტნიორებთან სახელმწიფოსთვის ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დღეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა – მთავრობის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების გარდა, ის სამოქალაქო სექტორის ნაწილს და სახალხო დამცველსაც შეხვდა. ალენ ბერსეს ლევან იოსელიანისგან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაშავებულების მდგომარეობა და ამ პროცესში ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა აინტერესებდა. შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელ X-ში სტატუსი გამოაქვეყნა თავად ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც.

ალენ ბერსე საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა, მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვედრები უკვე დაგეგმილი აქვს ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button