ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა

216 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა.
რუსეთმა ევროსაბჭოს შეატყობინა, რომ ტოვებს ორგანიზაციას, განაცხადა 15 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ. საბჭოდან რუსეთის გასვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ვეღარ მიმართავენ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, მოსკოვი კი აღარ იქნება ვალდებული, უარი თქვას სიკვდილით დასჯაზე.
რუსეთი ევროპის საბჭოში 1996 წელს შევიდა. თებერვლის ბოლოს ორგანიზაციამ მოსკოვს წევრობა შეუჩერა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში.
მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრით მხარი დაუჭირა ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის რეკომენდაციას. განმარტებით შენიშვნაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და დროებითი ზომების შესრულება არაეფექტიანია.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ საშუალებები რუსეთის უფლებადამცველებთან, დემოკრატიულ ძალებთან, თავისუფალ მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთმოქმედების შენარჩუნებისთვის.
თუკი რუსეთი ნებაყოფლობით გავა საბჭოდან, გასვლის თარიღად მიიჩნევა მომავალი წლის 1 იანვარი. მაგრამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით შეუწყვიტოს მოსკოვს წევრობა იმ თარიღიდან, რომელსაც თვითონ დაადგენს.
“ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება მოგვიწია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ, პირველად ისტორიის განმავლობაში. ჩვენს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია. დაასრულეთ ომი ახლავე,” – წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი Twitter-ზე.
შეგახსენებთ რომ ევროსაბჭოში კენჭისყრამდე ორგანიზაციას დატოვების შესახებ რუსულმა მხარემ თავად განაცხადა