მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატები გაიმართა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოზე დებატები გაიმართა.

მომხსენებელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს, მათ შორის, ხაზი გაუსვეს დემოკრატიულ უკუსვლას და ყურადღება გაამახვილეს ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და პროევროპული აქციების მონაწილეების დაკავებაზე და ქართულ ოცნებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

გარდა ამისა, დეპუტატებმა თქვეს, რომ საჭიროა ზომების გაძლიერება, რათა “რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს” სანქციები დაუწესდეთ.

ევროდეპუტატი ერიკ-ნილს კროსი:

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ.
“ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია.
ჩემი კითხვაა – კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. თავი აარიდოთ [სიტყვა] “დემოკრატიულ უკუსვლას”, ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის.
რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.
ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. არც ერთი.
და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასამბლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? “ქართული ოცნების” დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი “გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი” და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო.
საერთოდ არავითარი [პირობების] დაკმაყოფილება არ არის. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ…
მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ – გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში, რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველებმა ჩეჩნებმა. ის ახლა სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშეა საქართველოში. ესენი არიან რეჟიმის მეგობრები.
მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ…
საქართველო იმის ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც ბელარუსია დღეს და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. და ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება”, – განაცხადა კროსმა.

უკრაინელი ევროდეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო:

საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შესაბამისად , მისი თქმით, ისმის კითხვა: რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები?
“გუშინ აქ, ამ დარბაზში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიღეთ, რომელიც სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მანამდე მან შეთანხმებას მოაწერა ხელი სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. ნამდვილად ისტორიული მომენტი – ტრიბუნალი აგრესიისთვის.
მაგრამ იცით რა? წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. და ამ ექსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. და საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თითქმის იგივე რიცხვი, რაც უკრაინაში.
საქართველო მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი უფრო ადრეც კი იყო, ვიდრე ჩვენ. და ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ?
ასე რომ, კითხვაა – რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი პატრონები? როდესაც ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს ქართველი ხალხის ხმა არ არის, ეს კრემლის ჩურჩულია.
ქართველი ხალხი ლიდერებს იმსახურებს, რომლებიც მათ დაუდგებიან მხარში და არა პუტინს. და ახლა ზუსტად ეს ხდება.
კი, ბრალის ნაწილი ყველა ჩვენგანზეა. 2008 წელს მომენტი იყო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატოს კართან იდგნენ და ნატომ თქვა: “კი, შემოგიშვებთ, მაგრამ არ ვიცით როდის”. ბევრმა ხალხმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. პუტინმა ცხადად გაიგო. და 2008 წლიდან მან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, მერე უკრაინის წინააღმდეგ.
ის ამ ქვეყნებს ანადგურებს, ყველა ჩვენგანის მოკვლას ცდილობს, ამ ქვეყნების ოკუპირებას ცდილობს. და ახლა ის საქართველოს ჰიბრიდული გზით იღებს, ვინაიდან მისი ტანკები უკრაინაში არიან ზედმეტად დაკავებულები. სწორედ ამიტომ ეს არა ტანკებია, არამედ მარიონეტებია, რუსი აგენტებია, რომლებიც საქართველოზე ამ თავდასხმას ახორციელებენ.
ეს ბიძინა ივანიშვილი არაა. მას “ლუკაშვილი” უნდა დავუძახოთ, ვინაიდან ბელარუსს აკეთებს საქართველოსგან. სწორედ ბელარუსის გზაა, რომელმაც ჯერ დემოკრატია დაკარგა, შემდეგ კი სახელმწიფოებრიობა. და ახლა ეს ოკუპირებული ქვეყანაა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში.
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ აქ გიორგი ვაშაძეს, სხვა ქართველ ლიდერებს შევხვდით, რომლებიც ახლა ციხეში არიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ – მათ შევხვდით, ხელი ჩამოვართვით მათ, მათ ვუთხარით “საქართველოს გაუმარჯოს” და ახლა ეს ხალხი ციხეშია.
რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს ქართველი ხალხისთვის დასაბრუნებლად. საქართველოს გაუმარჯოს,” – განაცხადა გონჩარენკომ.

ალბანეთის პარლამენტის დეპუტატი, ალბანა ვოკში:

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიქტატორები და ავტორიტარები იდეალურ არჩევნებს აწყობენ. ყველაფერი ხდება მანამ, სანამ ხალხი საარჩევნო უბნებთან მივა. საქართველოდან მძიმე და საგანგაშო ამბები კვლავ მოდის , – ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის წევრმა ალბანა ვოკშიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მოვლენები დრამატულად ვითარდება და მხოლოდ გასულ კვირას, ოთხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს.
“მხოლოდ გასულ კვირას, ოთხი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი დააკავეს. არა დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომაზე უარის თქმისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და ყველაფერი რაც პოლიტიკურ დევნასთანაა დაკავშირებული. დღეს საქართველოში ანგარიშვალდებულების ინსტიტუტები რეპრესიის ინსტრუმენტებად იქცა.
არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. მისი შემთხვევა არ არის ერთადერთი. დაკავებულები არიან სხვა ცნობილი ოპოზიციური ფიგურებიც. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი აქტიური ოპოზიციური ლიდერი, ქალი ლიდერი, ტერორის სამიზნე გახდა. მისი ქმარი ძალადობრივად გაიტაცეს. მის შვილებს დაემუქრნენ. ეს პოლიტიკა არ არის. ეს დევნაა. და ჩვენ ამას ისე უნდა ვუწოდოთ ის რაც არის. და თუ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, მალე საქართველოში ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება და პარტიები შემცირდება და არსებობას შეწყვეტს. ოპოზიცია კი აღარ იარსებებს”, – განაცხადა მან.
პოლიტიკოსის თქმით, ამ პროცესების ფონზე, ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრები გეგმავენ PACE-ს ასამბლეაში მონაწილეობის, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ მოვალეობის გამო სურთ.
“უფრო უარესი ის არის, რომ ახლა ვიგებთ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც გეგმავს წევრების დევნას, ამ ასამბლეაში მონაწილეობას, აქ მოსვლის აპირებს, ჩვენთან შეხვედრას, დემოკრატიული მოვალეობების შესრულების გამო. ასე რომ, როდესაც პოლიტიკოსები კრიმინალიზებული არიან ამ პალატაში, ევროპული დემოკრატიის გულში გამოსვლის გამო, მაშინ რა შეგვიძლია ვუწოდოთ ამას? ეს არის ავტორიტარიზმი, რომელიც ყვირის”, – განაცხადა მან.

ერთ-ერთმა მომხსენებელმა საქართველოზე საუბრისას თქვა:

“საქართველოს არჩევნების პროცესი იყო სხვადასხვა არასამართლიანი ჩარევებით წარმართული და რეალობა, რასაც განვიხილავთ, ამ არჩევნებიდან მოყოლებული – დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები ძალიან დიდი ზეწოლის და წნეხის ქვეშ არის. ჟურნალისტები, ასევე ოპოზიციური პარტიის წევრები დაპატიმრებული არიან მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გამოხატვის გამოც, კი.

მინდა ძალიან ცხადად აღვნიშნო, რომ ხმის ჩახშობა არ არის სიძლიერის ნიშანი, ეს არის სისუსტის და არადამაჯერებლობის ნიშანი. ძლიერ ლიდერებს არ ეშინიათ დიალოგის, არ ეშინიათ მათი ხალხის ხმის. ისინი ერთვებიან დებატებში, რადგან იციან, რომ თავისუფალი საზოგადოება არის უფრო ძლიერი საზოგადოება. […] გვახსოვდეს, რომ ადამიანები არ არიან ბრმები, ისინი იმსახურებენ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და გაათავისუფლონ ისინი, ვინც არ არიან სამართლიანად დაკავებულები”, – თქვა მან.

ევროდეპუტატი (დიდი ბრიტანეთი) პერმან მუნი:

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ, და საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია) განაცხადა.
“კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე ვაპირებდი საუბარს, მაგრამ სანამ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებისკენ იყო მიპყრობილი, საქართველოს დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი ქვეყანაში დემოკრატიის ჩახშობის ესკალაციისთვის გამოიყენა.
ახლა სრულიად ცხადია, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და მელიას მცირე პროცედურული ბრალდებებით დაკავებები რეპრესიის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. რეალურად ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს ბოლო რამდენიმე კვირაში.
როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხელბორკილებით მიჰყავდათ, მან თქვა: “ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ”. ეს იმ კაცის სულისკვეთებაა, რომელსაც თავისუფლების სწამს. მაშინაც კი, როდესაც მას ძალით აჩუმებდნენ. ეს იმ კაცის ხმაა, რომელსაც უნდა მოუსმინონ ამ დარბაზში და მთელს ევროპაში.
და ეს დაპატიმრებები, როგორც “ცალკეულები” ვეღარ აღიწერება. პოლიტპატიმრების სიას უნდა დავუმატოთ ნიკა გვარამია, მესამე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი. გასული კვირის ოთხშაბათს ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერს, რომელმაც მიღებული კანონები ამიხსნა, რომელთა მიზანია მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვაა. ჯაფარიძემ მითხრა, რომ ისიც თბილისში ბრუნდებოდა, სადაც მის წინააღმდეგ, მისი აზრით, ბრალდება იყო უსამართლო სასამართლოსგან, რომლისგანაც ჯარიმას ელოდა. ამის ნაცვლად, მიმდინარე კვირის ორშაბათს ბადრი ჯაფარიძეს “ლელოს” პარტიის” თანალიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება.
ეს უბრალოდ ოპოზიციონერები არ არიან, ესენი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ორგანიზებული ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის სიმბოლოები არიან.
მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ დრო სწრაფად იწურება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოსთვის ბოლო შესაძლო მომენტში ვართ. თუ სერიოზულები ვართ მათი მხარდაჭერის შესახებ, ვინც მამაცად უწევს წინააღმდეგობას საქართველოში პოლიტიკურ დევნასა, მიზანში უნდა ამოვიღოთ ამ რეპრესიებზე პასუხისმგებლები. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და მათთვის საზღვარგარეთ არდადეგებისა და უსაფრთხო თავშესაფრის ფუფუნების ჩამორთმევას მაშინ, როდესაც ისინი სახლში დემოკრატიას შლიან,” – განაცხადა მუნმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, – ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.
„ეკონომისტის დაზვერვის ერთეულის“ დემოკრატიის ინდექსის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი გაუარესებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. 200 დღეზე მეტია, ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა, როგორიცაა შემზღუდავი კანონმდებლობის ცვლილებები, სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება და ზოგჯერ მკაცრი სასჯელები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ცნობილი ფიგურების მიმართ. მხოლოდ მცირე ნიშნებია იმისა, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ, პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს“, – განაცხადა მან.
პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მზია ამაღლობელის დაკავებაა, რომელიც პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს.
„დღემდე ქვეყანაში საპატიმრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ქალბატონი მზია ამაღლოგბლის დაკავება, დამოუკიდებელი მედია საშუალებების დამფუძნებლისა და დირექტორის საქმე. იგი დააკავეს ბათუმში საპროტესტო სტიკერის გაკვრისა და სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო.
„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი, შემოღებაც კი. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 180 ევროს ეკვივალენტიდან 1800 ევრომდე გაიზარდა, რაც უბრალოდ მიზნად ისახავს ადამიანების ყურადღების გადატანას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.
ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია.
არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მან.

სტივენ გეტისი – გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე დებატებისას სტივენ გეთინსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების დაპატიმრება და დისიდენტების ჩახშობა საპირისპიროა იმისა, რასაც ევროსაბჭო ემხრობა.„ეს სერიოზული დებატებია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებით სერიოზული დებატებია ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში, ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. კონვენცია და უფლებები, რომლითაც ვსარგებლობთ, არ არის მხოლოდ ევროპის კონტინენტზე ჩვენი ცხოვრების შედეგი. ევროპაში სახელმწიფოდ ყოფნა არ გხდის წევრად და არ განიჭებს შენს უფლებებს, რაც კარგად იციან რუსეთსა და ბელარუსში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, პარლამენტარები, შევიკრიბეთ დღეს. კონვენციები გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე, რომელთა წინაშეც ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ ნორმალურ დემოკრატიულ წესრიგში. გუშინ საღამოს ამ დარბაზში გამორჩეული წვლილი შეიტანა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც გვითხრა, რომ არსებობს ერთი პირობა წევრობისთვის, თუმცა ის ძალიან მნიშვნელვანია. რამდენადაც ჩვენ ვემხრობით დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს პირობა მთელი მონდომებით. მართლაც, ჩვენ ყველას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ერთმანეთს, ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია.

საქართველოს ლიდერებმა თავიანთ ხალხს უთხრეს, რომ სურთ, გადაუხვიონ ევროპულ გზას და ევროკავშირის წევრობას, ამ ადგილის შემდგომ წევრობას და ვციტირებ, ეს მთავარი პრიორიტეტია. გასაკვირი არ არის, რომ ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა, ევროპაში უპრეცედენტო მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდი დაამყარა. მათ უფრო მდიდრები, სამართლიანები და უსაფრთხოები გვაქციეს. ორივე მათგანი დღეს კიდევ უფრო მეტად გვჭირდება და ეს ზოგჯერ რთულია. ზოგჯერ ამას ვივიწყებთ, მაგრამ კლუბში უბრალოდ არ ხვდებიან. პატივი უნდა სცეთ დემოკრატიას და ეს ზოგჯერ რთულია. ეს ყველამ ვიცით. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის პატივისცემა დემოკრატიულ პროცესში შეიძლება რთული იყოს. გზა რთულია, მაგრამ ღირს ამად.

ოპონენტების დაპატიმრება და დისიდენტების ჩახშობა საპირისპიროა იმისა, რასაც ეს ადგილი ემხრობა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ, დიახ, ყველა ევროპულ სახელმწიფო მივესალმებით, მაგრამ მათ წესები უნდა დაიცვან. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ჩვენი რეზოლუცია 2600, რომელიც მიმდინარე წელს მივიღეთ და მოითხოვდა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ასევე გამოხატავდა ამ დარბაზის შეშფოთებას დაპატიმრებებისა და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენების შესახებ საქართველოში და დღეს ამის გახსენება ღირს. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ყველა ქართველ კოლეგას საშუალება, ჩაერთონ დემოკრატიულ პოლიტიკაში და ასევე, ითანამშრომლონ ამ ადგილთან და ევროპის საბჭოსთან, ყოველგვარი შიშისა და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე“, – განაცხადა გეთინსი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან.

„შემიძლია ვთქვა და ოფიციალურად დავაფიქსირო, რომ თუ ვინმე დაისჯება ევროპის საბჭოში დასწრებისა და ევროპის სხვადასხვა კუთხიდან არჩეულ პოლიტიკოსებთან ურთიერთობისთვის, ჩვენ ამას უდიდესი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს ფასი, რომელსაც ბევრი ქართველი იხდის დემოკრატიულ პოლიტიკაში ჩართულობისთვის და იმ უფლებების განხორციელებისთვის, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი თავისთავად მინიჭებულ მოვლენად მივიჩნევთ. არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა პირებს მიმართ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას განიცდიან საქართველოში.

მინდა, გავიხსენო გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის სიტყვები, რომ ოპოზიციური ხმის ჩახშობა თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც ირყევა. დღესდღეობით ეს სერიოზულია და ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენელმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრებები ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით. უნდა იყოს ინკლუზიური დიალოგი და ეს არის ის, რისკენაც დიდი ბრიტანეთი და ეუთო მოუწოდებენ. ინკლუზიური დიალოგისკენ, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტილებებისკენ, რაც ძალიან ძვირფასია ყველასთვის ამ ადგილას.

ჩვენი უფლებები ევროპული უფლებებია და ეს ისტორიის გაკვეთილია. ჩვენი უფლებები, რომლებსაც თავისთავად მიღებულად მივიჩნევთ, ძნელად მოპოვებულია, მაგრამ ისინი დემოკრატიული ევროპის საფუძვლებია. ევროპელები, სარგებლობენ დიდი დემოკრატიით და სხვა უფლებებით ახლა უფრო მეტად, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. ეს მყიფე, მოქნილია და თუ მათზე თვალს დავხუჭავთ, იქ სადამდე მიგვიყვანს ეს? ჩვენ არ შეგვიძლია, დავხუჭოთ თვალი ამ უფლებების ჩახშობაზე ევროპის ნებისმიერ წერტილში. არავინ იცის ეს უკეთ, ვიდრე ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რომლებიც ამ მომენტში სისხლს ღვრიან საკუთარ ქვეყანაში, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, დემოკრატიული უფლებები და დემოკრატია. გუშინ საღამოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ბევრი ისაუბრა. მადლობა პირიქით უნდა ყოფილიყო და მადლობას ვუხდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რადგან თქვენ გვაძლევთ ამ მაგალითს და მე მადლიერი ვარ თქვენი. დემოკრატია არის ძალიან მყიფე. ეს უფლებები მყიფეა. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მეგობრების წინაშე საქართველოში და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ“, – განაცხადა სტივენ გეთინსი.

“საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება” – ამ სახელწოდების და შინაარსის იყო დებატები, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შედგა. გამოსვლები ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინაროებდა, PACE-ს წევრები ყველა იმ მოვლენას შეეხნენ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარდა

ალტერნატიული აზრის გარეშე მსჯელობაა სახელისუფლებო პარტიისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცახდებით, მსჯელობამ აჩვენა, რომ დებატების მიზანი საქართველოს ინტერესების დაცვა არ იყო. “ქართულ ოცნებაში “პასეს” მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულების სხვა შემთხვეევბსაც იხსენებენ. აქცენტს საპარლამენტო ასამბეის მხრიდან ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მსგავსი უსაფუძვლო პირობის წაყენება გახდა მიზეზი რის გამოც პარლამენტის დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებს, თვალყურს ოპოზიციის ნაწილი ადგილიდან ნაწილი კი თბილისიდან ადევნებდა. ხელისუფლები ოპონეტების თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა მმართველი პარტიის ქმედებებზე პასუხია. დებატების დაწყებას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა PACE-ს პრეზიდენტთან. რამდენიმე დღეა, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, კოალიცია “ცვლილებისთვის” და “ლელოს” წევრები სტარსბურგში იმყოფებიან.

დებატებიც, რეზოლუციებიც და ზოგადად, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიისთვის უსამართლოა.

მმართველი პარტიის წევრების განცახდებით, ევროპული სტქრუქტურები და ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი არაობიექტური დამოკიდებულების გამო თავად უწყობენ ხელს მათივე რეპუტაციის დაკნინებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button