ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან გუშინ, 25 ივნისს, მიღებულ პასუხზე ისაუბრა. ორგანიზაცია იცავს გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის ინტერესებს.
ნონა ქურდოვანიძის თანახმად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო და შესაძლოა, მან მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე (Impact Case) საქმის სტატუსიც შეიძინოს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, მნიშვნელოვანია ვადებიც – საჩივარი სტრასბურგში ორი თვის წინ გაიგზავნა და სასამართლომ მისი განხილვა უკვე დაიწყო.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებასთან და “მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა.
„გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. ორი თვის წინ გავაგზავნეთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც საჩივარში ვდაობთ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მეხუთე მუხლით არის გარანტირებული; ასევე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მეექვსე მუხლი; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-8 მუხლი; გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-10 მუხლი, კონვენციის მე-13 მუხლი, მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში. ასევე საქმე შეეხება, კონვენციის მე-18 მუხლს, რომელიც უფლების შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება. ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადავიდა განხილვის შემდგომ ეტაპზე. ყველა მუხლთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია საქართველოსთან. ზოგ საჩივარში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა დრო, უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.
გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში. სწორედ ამ პატიმრობაიდან გამომდინარე დარღვევებს ეხება ეს საქმე. სამწუხაროდ, მზია ამაღლობელის მიმართ სხვა პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე. ასევე, სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით თუ აქ, ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება უფლებების დაცვა, ჩვენ დამატებით გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველი საქმე, რომელიც მზიას სახელით გაიგზავნა, დააკომუნიცირა და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადეს საია-ში.
როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს, თუ საქართველოში ეროვნულ დონეზე ვერ მოხდა უფლებების დაცვა, საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ.
„გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა. ასევე, წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. როგორც გახსოვთ, 2 თვის წინ გავაგზავნეთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე საქმე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდავობდით. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჩვენი საჩივარი ეხება იმას, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მისი განმარტებით, ყველა ამ მუხლთან დაკავშირებით საქართველოსთან კომუნიკაცია დაწყებულია.
„კერძოდ, საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს ამ ეტაპზე აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ ამ დარღვევებს ეხება არსებითად ეს საქმე“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.
ნონა ქურდოვანიძის თანახმად, “საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს. ამასთან, მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება შეიზღუდა კონვენციაში გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით, და წინასწარი პატიმრობის გამართლება, მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად, წარმოადგენდა მის ბრალეულობაზე ნაადრევ დასკვნას. საჩივარში ასევე აღნიშნულია, მობილური ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევისა და ჩხრეკის ფაქტზე, რამაც შეზღუდა მზია ამაღლობელის პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონია ეფექტიანი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე”.
ახლა, საქმისწარმოების პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან მიმართებით.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.