ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12-ე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ 18 დეკემბერს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12-ე პაკეტი – აცხადებს ევროპული კომისია.
სანქციების მე-12 პაკეტი რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს ასევე პაკეტი ითვალისწინებს დამატებითი აკრძალვების დაწესებას რუსეთიდან ექსპორტსა და იმპორტზე, ბრძოლას სანქციებისთვის თავის არიდებისთვის და სანქციების წესებში არსებული გარღვევების შევსებას – ვკითხულობთ განცხადებებში.
როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი შემზღუდავი ზომების სამიზნე არის რუსეთის ეკონომიკის მაღალღირებული სექტორები. ამასთან, სანქციები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული.
სხვა ზომებს შორის, მე-12-ე პაკეტი აწესებს აკრძალვას ბრილიანტების პირდაპირ და ირიბ იმპორტზე, აკრძალვა ვრცელდება, როგორც ბუნებრივ, ისე სინთეტიკურ ალმასებსა და ბრილიანტის სამკაულებზე, შესყიდვაზე თუ გადაცემაზე რუსეთთან და შემოაქვს ახალი აკრძალვა გათხიერებული გაზის (LPG) იმპორტზე, რაც გავლენას იქონიებს 1 მილიარდი ევროს ოდენობის წლიურ იმპორტზე – დასძენს ევროკავშირი. შეზღუდვა ძალაში შედის 2024 წლის პირველი იანვრიდან.
ასევე, 1-ლი მარტიდან მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაიწყება. სანქციების ახალ პაკეტში ევროკავშირი აწესებს შეზღუდვებს რუსეთიდან ალუმინის პროდუქტების, მათ შორის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტს.
ევროკავშირმა ასევე დაავალა ევროპულ კომპანიებს, პარტნიორებთან კონტრაქტებში დათმონ რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვა. სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს თხევადი პროპანის იმპორტის აკრძალვას 12-თვიანი გარდამავალი პერიოდით.
„აღნიშნული მე-12 პაკეტით, ჩვენ წარმოვადგენთ ახალი ჩამონათვალისა და ეკონომიკური ზომების ძლიერ კომპლექტს, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას კიდევ უფრო შეასუსტებს. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე, როდესაც მე კიევში საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოს ვხელმძღვანელობდი: ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ვალდებულებას და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში მის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპელი ექსპორტიორებისგან ითხოვს, ხელშეკრულებით გააფორმონ მესამე ქვეყნებთან, პარტნიორი ქვეყნების გარდა, რუსეთში სენსიტიური საქონლისა და ტექნოლოგიების რეექსპორტის აკრძალვა. აღნიშნული დებულება ვრცელდება აკრძალულ საქონელზე, რომელიც რუსულ სამხედრო სისტემებში გამოიყენება ან რომელიც კრიტიკულია რუსული სამხედრო სისტემების განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან გამოყენებისთვის.
სანქციების მე-12 პაკეტი ითვალისწინებს „შავ სიაში“ 29 კომპანიის დამატებას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსს. ამ 29 კომპანიიდან ნაწილი ეკუთვნის მესამე ქვეყნებს, რომლებიც ჩართული არიან სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში.
ამასთან, გაფართოვდა იმ საგნების სია, რომელთა რუსეთისთვის მიწოდებაც აკრძალულია, მათ შორის არის ქიმიური ნივთიერებები, ლითიუმის ბატარეები, თერმოსტატები, ძრავები, მანქანების ნაწილები და ინსტრუმენტები.
ევროკავშირი ამკაცრებს წესებს, რათა გააკონტროლოს ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვრის დაცვა. ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებული მექანიზმი კი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს ის კომპანიები და ხომალდები, რომლებიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მანიპულაციებში არიან ჩართულნი.
სანქციები უწესდებათ ასევე დამატებით ფიზიკურ პირებს.
სანქციების მე-12 პაკეტის მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უკრაინამ ომის სპონსორთა სიიდან ავსტრიული ბანკი Raiffeisen Bank International-ი ამოიღო, რასაც ავსტრია ითხოვდა.
დაწესებული სანქციების მიხედვით, აქტივების გაყინვას 140-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი ექვემდებარება. ეს შეეხება რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიებსა და კერძო სამხედრო კომპანიებს.
ევროკავშირი რუსეთში მოპოვებული, დამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები რუსეთიდან ექსპორტირებულ ბრილიანტებზე პირდაპირ აკრძალვას განახორციელებენ.