მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა

ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

რა თქმა უნდა, როგორც კი ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ მუშაობა პირობებზე, ყველა ის რეფორმა, რომელიც საქართველოს გააძლიერებს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ერთად განხორციელდება, ოღონდ აქაც უნდა გვესმოდეს მეორე მხარეს ვისთან გვაქვს საქმე. როცა შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ამაში ჩაერთვება იმ ენთუზიაზმით, როგორიც ევროპელებს წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო დღეს როგორც არასდროს მზად არის სტატუსის მისაღებად, თუ ევროკავშირს ამ სტატუსის მიცემა შეუძლია.
ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს“, – წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ის პირად გვერდზე.

ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს , – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მედიას განუცხადა.

“ვფიქრობ, ჩვენ დავეთანხმებით ევროკომისიას. არსებობს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვი, რომ ამ სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ, განსაკუთრებით საქარველოს, რათა მივიდეს კანდიდატის სტატუსამდე.

მოლდოვისა და უკრაინის მხრივ საკმარისი გაკეთდა, რათა კანდიდატის სტატუსი ახლა მიენიჭოთ. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მეტია გასაკეთებელი. თუმცა ევროპული პერსპექტივა და ამბიციები მკაფიოდაა აღნიშნული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან ერთად, ასევე ორმხივადაც, ნიდერლანდები საქართველოსთან სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობს, რათა დავეხმაროთ მათ მივიდნენ იმ დონემდე, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება შევძლოთ“ , – აღნიშნა რუტემ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ენიჭება კანდიდატის სტატუსი საქართველოს დღეს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„იმიტომ, რომ ევროკომისიამ ამაზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა და ვფიქრობ, მივყვებით კომისიის რეკომენდაციას, რომელიც ერთ მხრივ, მოლდოვაზე და უკრაინაზე აცხადებს, რომ მათ უფრო მეტი პროგრესი განიცადეს, რაც საკმარისია, რომ კანდიდატობა მიენიჭოთ. მაგრამ მოლაპრაკებები, რომ დაიწყოს კიდევ ბევრი უნდა მოხდეს და საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთ ნაბიჯით უკანაა იმ გაგებით, რომ საუბარია პოტენციურ კანდიდატობაზე. თუმცა, ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. მე რომ ქართველი ვიყო დღეს, ვიმედოვნებ, ხალხი დაინახავს, რომ ევროპის მხრიდან მკაფიო ერთგულებაა, რომ ვაღიაროთ ევროპული ამბიცია. მაგრამ, აგრეთვე, ვუთხრათ საქართველოს: ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – დასძინა რუტემ.

ისტორია დაიწერა, მიხარია, რომ ევროკავშირის საბჭომ გამოიყენა მომენტი და გადაწყვიტა, უკრაინისთვის გადაეცა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი „ტვიტერზე“ წერს.

„ეს ადასტურებს უკრაინის კანონიერ ადგილს ევროპაში. ისინი იბრძვიან იმ თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ასევე მოხარული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსი გადავეცით მოლდოვას და მკაფიო ევროპული პერსპექტივა საქართველოს“,- წერს კაია კალასი.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

მოძრაობა სირცხვილია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო საკუთარ ევროპულ არჩევანს და მომავალს დაიცავს. მათი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რაც ეღობება ევროპულ პერსპექტივას წინ – ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია გაწერილი.

მოძრაობამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

სირცხვილიას განცხადება:

“ძვირფასო უკრაინელებო და მოლდოველებო, დღეს თქვენთვის, ჩვენთვის და ევროპისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დავიწყეთ ევროპის კავშირისკენ სწრაფვა, დღევანდელ დღემდე მოსასვლელი გზა გრძელი და სირთულეებით აღსავსე იყო. თუმცა დღეს თქვენ ახალი ევროპის დღის წესრიგს ცვლით, თამამად მიაბიჯებთ უფრო ახლოს ევროპის კავშირთან. ჩვენ ენით აუწერლად გვიხარია თქვენი წარმატება და ვართ ამაყები, რომ დღეს თქვენ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი მოგენიჭათ.

მადლობელი ვართ ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის.

მადლობელი ვართ ყველა ევროპის კავშირის ინსტიტუტის ლიდერის, რომელმაც დაუღალავი შრომა ჩადო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაში გადადგმულ ნაბიჯებში.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. გვსურს დაგიბრუნოთ მადლობა და ხაზგასმით გავიმეოროთ, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს. ჩვენ ვიცით რა ეღობება მას წინ, ეს ევროპულმა კომისიამაც ხაზგასმით ჩაგვიწერა რეკომენდაციაში — საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ევროპული კომისიის პუნქტები.

ქართველი ხალხის არჩევანი არის ურყევი, ერთიანი და პრინციპული.

საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გახდება ევროკავშირის წევრი.

გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ”

შეგახსენებთ რომ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა “ტვიტერზე” დაწერა.

როგორც მიშელი წერს, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

“ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, – წერს მიშელი “ტვიტერზე” ქართულ ენაზე.

ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის პირველი დღეა.

დღეს, 23 ივნისს, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button