ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უარი უთხრა სამკურნალოდ ვარშავაში გადაყვანაზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
“დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი”, – თქვა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, ექიმების მხრიდან თუ იქნება რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე 18:00 საათზე გეგმავს განცხადების გაკეთებას.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი ერთი თვის წინ, 11 აპრილს გაიგზავნა.
მანამდე სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და არ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა ინსტანციამ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ამასთან სახალხო დამცველის კონსილიუმის თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.