მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

F-16-ის უკრაინასთვის გადაცემის გამო რუსეთი NATO-ს ემუქრება

რუსეთი დასავლეთის მიერ ბირთვული საფრთხის შექმნად აფასებს აშშ-ის განზრახვას, უკრაინას გადასცეს ავიაგამანადგურებლები F-16. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა გამოცემა „ლენტასთან” ინტერვიუში, რომელიც 12 ივლისს, ღამით, გამოქვეყნდა.

შეკითხვას, როგორ უყურებს რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებას, ლავროვმა უპასუხა, რომ ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრიათ და ამოწურულიც იქნებოდა, რომ არა დასავლეთის ქმედებები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, მიუთითოს სტრატეგიული ხასიათის რისკებზე. ლავროვის განცხადებით, „აშშ და მისი ნატოელი სატელიტები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს და ამას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს“.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გაჩენის ფაქტს რუსეთი დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განიხილავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მოვლენების უკიდურესად საშიში განვითარების“ მაგალითად მოიყვანა აშშ-ის გეგმა, უკრაინას გადასცეს ავიაგამანადგურებლები F-16, რომლებსაც ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლიათ. ლავროვის თქმით, ბირთვულ სახელმწიფოებს – აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს – აცნობეს, რომ რუსეთს ამის იგნორირება არ შეუძლია და არანაირი დარწმუნება არ გაჭრის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საბრძოლო მოქმედებებისას რუსი სამხედროები არ დაიწყებენ იმის გარკვევას, აღჭურვილია თუ არა ამ ტიპის ყოველი კონკრეტული თვითმფრინავი ბირთვული იარაღის გადასატანად. როგორც ლავროვი ამბობს, თავად ფაქტს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსგავსი სისტემები გამოჩნდება, რუსეთი განიხილავს „დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში საფრთხედ“. 2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ აშშ თანახმაა, უკრაინას გადაეცეს ავიაგამანადგურებლები F-16.

11 ივლისს ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში, უკრაინამ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც F-16-ის სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადებას ეხება.

”უკრაინის NATO-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის NATO შესვლის საფრთხეა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

”დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ში გაწევრიანება არ გაზრდის თვით უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად მსოფლიოს გახდის ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე”, – ამბობს პუტინი.

საომარ ფრონტზე, უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე დასმულ კითხვებს და რუსეთის პოზციებზე რუსეთის პრეზიდენტი პასუხის გაცემას თავს არიდებს.

”კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე საუბრისას სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი ხედავს, რამხელა იმედები ამყარეს შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებაზე. დიახ ისინი ზიანს აყენებენ, მაგრამ საბრძოლო ზონაშიი ამ რაკეტების გამოყენებით კრიტიკული არაფერი ხდება”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა

რუსეთის კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 12 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით ირღვევა უსაფრთხოების გაუნაწილებლობის საერთაშორისო პრინციპი.

მან განმარტა, რომ ასეთი გარანტიის მიცემით, „საფრთხე ექმნება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას”.

“ეს შეუძლებელია“, – თქვა პესკოვმა. იგი აღნიშნავს, რომ ამას მოჰყვება ახლო და შორეული მომავლისთვის მეტად უარყოფითი შედეგები. პესკოვი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯით ევროპა უფრო სახიფათო ხდება, მრავალი წლით.

შეგახსენებთ, 11-12 ივლისს გამართულ ვილნიუსის NATO-ს სამიტზე უკრაინამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან NATO-ში გაწევრიანების გარანტია, შესასრულებელი პირობების სანაცვლოდ მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button