Facebook-ი, პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს
Facebook-ი საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს. ამის შესახებ Facebook-ის წარმომადგენლებმა ქართველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადეს. მათივე ცნობით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტების გადამოწმების არაერთ პორტალთან თანამშრომლობს. ეს ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ, ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან.
ამიერიდან, Facebook-ი მსგავს პროგრამას, Fact Check Georgia-სა და “მითების დეტექტორთან” პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოშიც აამოქმედებს. Facebook-ის ინფორმაციით, “მითების დეტექტორი”, ისევე, როგორც Fact Check Georgia, სერტიფიცირებულია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ.
„აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პორტალი სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს.
გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები.
დამატებით, ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ, ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ.
“გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და “მითების დეტექტორთან” თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.“ – განაცხადა Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერმა, სოფი აიარსიმ.
სოციალური ქსელის წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.
“დაარსების დღიდან, ანუ 2013 წლიდან, Fact Check Georgia ცდილობს, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებასა და საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გავრცელებას. Facebook-თან პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ბევრად უფრო ეფექტური. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს წვდომა Facebook-ის ათასობით მომხმარებელზე, რომელიც, შესაძლოა, იყოს დეზინფორმაციის მსხვერპლი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება მინიმუმამდე დავიყვანოთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებსაც, საფრთხე ნაკლებად დაემუქრება.“- განაცხადა Fact Check Georgia-ს დამფუძნებელმა პაატა გაფრინდაშვილმა.
„მითების დეტექტორის“ დამფუძნებელისა და მთავარი რედაქტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, როდესაც პლურალისტური პლატფორმები და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა მედია, ბოროტად გამოიყენება, ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შეატყობინოს.
„მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ფაქტების გადამოწმებისა და მითების გამოვლენის პლატფორმა „მითების დეტექტორი“ 2014 წელს შექმნა. ეს პლატფორმა შეიქმნა სიმართლის დასადგენად და დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოებისა და ინსტიტუტების ინფორმირებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ და სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, განასხვაოს დეზინფორმაცია სიმართლისგან, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პროგრამა საარჩევნო პროცესის დეზინფორმაციისგან დასაცავად დაგვეხმარება.“ – აღნიშნავს „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.
სოფი აიარსის ინფორმაციით, დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 50 ენაზე გავრცელებული ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.