მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

Facebook-მა ყანდიაშვილთან და ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა

Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

“ინდივიდები, რომლებიც იდგნენ ამ აქტიურობის უკან, იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს – მათი ნაწილი ჩვენი ავტომატიზებული სისტემის მიერ აქამდეც იყო აღმოჩენილი და წაშლილი – რათა შეექმნათ გამოგონილი პიროვნებები, განესახიერებინათ ოპოზიციური ლიდერები და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირები, მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს და თავიანთ მასალას იმაზე უფრო პოპულარულად წარმოაჩენდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყო.

ამ ჯგუფთაგან რამდენიმეს სახელწოდებები და ადმინისტრატორები დროთა განმავლობაში შეიცვალნენ და, როგორც ჩანს, ისინი გაყიდეს. ადამიანები, რომლებიც იდგნენ ამ ქსელის უკან, ასევე მართავდნენ გვერდებს, რომელთა დიზაინიც მომხმარებლების პროფილებს ჰგავდა – იყენებდნენ ყალბ სახელებსა და პროფილის მოპარულ ფოტოებს – რათა დაეპოსტათ და გაევრცელებინათ თავიანთი მასალა, ასევე თავიდან აერიდებინათ მათი ანგარიშების აღმოჩენა და წაშლა.

ზოგიერთი ეს გვერდი ახალი ამბების დამოუკიდებელ სააგენტოებად პოზიციონირებდა. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებზე და ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორებიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა და სახელისუფლებო პირები, ასევე აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ აქტივისტებს.

ბოლო პერიოდში ეს ქსელი ინფორმაციას ავრცელებდა COVID-19-თან დაკავშირებით, ეს, მათ შორის მოიცავდა ისეთ პოსტებსაც, რომლებიც წავშალეთ ზიანის მომტანი დეზინფორმაციის შესახებ ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო.

ეს არაავთენტური აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა საეჭვო კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, რომლის შესახებაც იუწყებოდა ადგილობრივი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაცია საქართველოში და რომელსაც კავშირები ჰქონდა იმ ქსელთან, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გავაუქმეთ”, – წერია Facebook-ის განცხადებაში.

სოციალური ქსელის ცნობით, გაუქმებული გვერდებიდან ერთს მაინც, დაახლოებით, 973 000 Facebook ანგარიში მიყვებოდა; გაუქმებული ჯგუფებიდან ერთს მაინც – 1 508 000-მდე ანგარიში; გაუქმებული Instagram-ანგარიშიდან ერთს მაინც, – დაახლოებით, 26 000 ანგარიში.

Facebook-ის ცნობით, ამ ქსელმა რეკლამებში დაახლოებით, $30 000 დახარჯა.

ეSპერსონა ახალი ამბების სააგენტოა, რომლის ხელმძღვანელიც ქართული ოცნების PR კონსულტანტი კოკა ყანდიაშვილია. Facebook-ზე ამ დროისთვის აღარ იძებნება მისი პირადი პროფილი, მისი სახელითა და გვარით არსებული Like-გვერდი, რომელსაც თავად მართავდა და ჯგუფები, რომლებსაც ასევე თვითონ მართავდა.

ასევე, Facebook-მა კიდევ ერთი ქართული არაავთენტური ქსელი გამოავლინა, რომელიც კომპანიის განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული.

ამ ქსელის ფარგლებში Facebook-ის პლატფორმიდან წაიშალა 23 პროფილი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში.

“ამ აქტივობის უკან მდგარი ინდივიდები იყენებდნენ, როგორც ავთენტურ, ისე ყალბ ანგარიშებს, რათა კომენტარები დაეტოვებინათ სოციალურ ქსელში დადებულ მასალებზე, თავიდან აერიდებინათ აღმოჩენა და წაშლა და ემართათ ჯგუფები და გვერდები – მათი ნაწილი პოზიციონირებდა, როგორც ახალი ამბების სააგენტო. ისინი ხშირად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები და კანდიდატები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიის კრიტიკა და ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვა. ამ გვერდების დიდი ნაწილი 2018 წლამდე აქტიური არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობის უკან მდგარი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა, ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ პოლიტიკურ პარტიას, დაუკავშირა. ჩვენ ეს აქტივობა რეგიონში საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოძიების ფარგლებში ვიპოვეთ. ამ გამოძიებისთვის სასარგებლოდ გამოვიყენეთ ადგილობრივი რეპორტები [Facebook-საჩივარი]”. – წერია განცხადებაში.

Facebook-ის ცნობით, დაახლოებით, 785 000 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ გვერდს მაინც; დაახლოებით, 6 300 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ ჯგუფს მაინც; და, დაახლოებით, 6 400 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ Instagram-ანგარიშს მაინც.

მათივე გამოძიებით, ამ ქსელმა Facebook-ზე რეკლამებში, დაახლოებით, $23 800 დახარჯა.

ამ ქსელის ფარგლებში გაუქმებული პროფილებისა და გვერდების მიერ ჯამში, 22 ღონისძიება დაიგეგმა Facebook-ზე და, დაახლოებით, მათგან ერთ ღონისძიებაზე მაინც დასწრების ინტერესი 11 600-მა ადამიანმა გამოხატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button