მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

G7 ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

დიდი შვიდეულის (G7) ინდუსტრიალიზებული სახელმწიფოები აცხადებენ, რომ “სასწრაფოდ” იმუშავებენ ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე რუსეთის ნავთობის იმპორტისთვის, და ეს იქნება ნაწილი “ერთიანი” პასუხისა მოსკოვის შეჭრაზე მეზობელ უკრაინაში.
ისინი რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების ლიმიტის დანერგვაზე შეთანხმდნენ ფასებზე ლიმიტის დაწესების მიზანია, შეამციროს რუსეთის შემოსავლები, შეასუსტოს ქვეყნის შესაძლებლობა დააფინანსოს თავისი ომი უკრაინაში და ასევე შეამსუბუქოს ომის გავლენა მსოფლიო ენერგეტიკულ ფასებზე. დიდი შვიდეული – რომელშიც შედიან აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, იტალია და იაპონია – აცხადებს, რომ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში იმუშავებს ამ ზომების დასრულებაზე, თუმცა ვადებს არ აკონკრეტებს.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ვალდებულნი არიან “სასწრაფოდ იმუშაონ” ფასების ლიმიტის დასრულებასა და განხორციელებაზე.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს ინფლაციასთან ბრძოლაში დაეხმარებათ და ძირს გამოუთხრის მოსკოვის შესაძლებლობას “გავლენა იქონიოს ენერგომატარებლების მსოფლიო ფასზე, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის”.
„ჩვენ შევზღუდავთ პუტინის შესაძლებლობას დააფინანსოს თავისი ომი ნავთობის ექსპორტიდან, საფასურის შეთანხმებულ ზღვარზე ზემოთ ისეთი სერვისების მიწოდების აკრძალვით, როგორიცაა დაზღვევა და დაფინანსება იმ გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ“, – განაცხადა ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა ნაჰდიმ ზაჰავიმ.

Financial Times-ის ცნობით, G7 ქვეყნების მიერ დამტკიცებული ლიმიტი ევროკავშირის ემბარგოს პირობების შესაბამისად იმოქმედებს. გამოცემის წყაროების ცნობით, 5 დეკემბრიდან იგეგმება ნავთობის ფასების შეზღუდვა, ხოლო მომავალი წლის 5 თებერვლიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვები დაწესდება.

G7-ის წევრების თქმით, შეთანხმებული პირობებით რუსეთში წარმოებული ნედლი ნავთობის და ნავთობის პროდუქტების საზღვაო გადაზიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასალებს შეიძენენ ფასში, რომელიც “დადგინდება ფასის ზღვრის დამცველი და განმახორციელებელი ქვეყნების ფართო კოალიციის მიერ”. სერვისების გლობალურ მიმწოდებლებს რუსეთის წყლით გადაზიდული ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ბიზნესის კეთების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი ეს პროდუქტები დადგენილი ზღვრით, ან მასზე ნაკლები ფასით იქნება შეძენილი.

საიმისოდ, რომ ფასზე დაწესებულმა ზედა ზღვარმა ეფექტი იქონიოს, ის ევროკავშირმაც უნდა დაიცვას – რასაც მისი 27-ვე წევრის თანხმობა დასჭირდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი თავს იკავებს ენერგიის წყაროებისთვის საფრთხის შექმნაზე, მოახლოებული ზამთრის ფონზე.
ჯერჯერობით უცნობია, რა დონეზე დაწესდება რუსული ნავთობის ღირებულების ზღვარი, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას მკაფიოდ და გამჭვირვალედ აცნობებენ.

G7-ის შეხვედრის წინ, რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღარ მიაწოდებს ნავთობს და ნავთობპროდუქტებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აირჩევენ ამგვარი შეზღუდვების დაწესებას.

ცნობისთვის, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა 2 სექტემბერს განაცხადეს, რომ ეს ზომა, რომელიც უკვე დიდი ხანია განიხილება, მიემართება რუსეთისთვის საომარი ოპერაციებისთვის საჭირო მოგების ჩამორთმევას და მსოფლიოს ბაზრებზე ენერგიის ფასების შემცირების ხელშეწყობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button