გადაიხედაბა თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც ეხებოდა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვას, გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. მას მიაჩნია, რომ ამჟამად რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების საჭიროება არ არის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, ვინ იქნას შემოშვებული და ვინ არა ქვეყანაში და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, – ასე უპასუხა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას მთავრობის სხდომის შემდეგ.
ხუციშვილის თქმით, თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლს მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე, “შეიძლება იყოს საუბარი”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება განხილული არ ყოფილა.
ამით ის გამოეხმაურა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას იმაზე, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს.
თალაკვაძის თქმითვე, კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელია და ზურაბიშვილის განცხადებები მთავრობასთან ან პარლამენტთან შეთანხმებული არ არის.
“საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს, ვინც შემოდის ქვეყანაში, განიხილავს კანონმდებლობის საფუძველზე და ასევე, იმ საერთაშორისო კონვენციების და წესების საფუძველზე, რომლის ხელისმომწერი და ვალდებულიც გახლავთ საქართველო. რაიმე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში განხილული არ ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებელი ინსტიტუტი და სულისკვეთება, რომ მისი განცხადებები მაინც და მაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან, არ არის საფუძვლიანი”- ამბობს თალაკვაძე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, რუსეთთან არსებული “საკმაოდ ლიბერალური” სავიზო რეჟიმი გადაიხედოს. პრეზიდენტი იქვე აღნიშნავს, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია. სალომე ზურაბიშვილმა ამაზე კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა გამოწვევაა და არა საფრთხე.
“ნამდვილად არის გამოწვევა, არ ვიტყოდი, რომ საფრთხეა. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, ვინც ჩამოდიან იმ პირობების გამო, რაც არის რუსეთში, ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით შემოდიან.
აქ მთავარია, საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ კონტროლის ყველა მექანიზმი არის გამოყენებული, რათა არ გაჩნდეს საფრთხე. ამისთვის მეტი კომუნიკაციაა საჭირო…
გამორიცხული არაა, მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და შეიძლება, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. ეს ყველაფერი ხელისუფლების გადასაწყვეტია საზოგადოებასთან ერთად, მისი ინფორმირებით”.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის მთავარი თემები იყო უკრაინაში მიმდინარე აგრესია და ასოცირების ტრიოს წევრი ქვეყნების ევროინტეგრაცია.